გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი საკარნავალო ბაზრობაზე შეკრებილ ხალხში მანქანით შევარდა.
თავდასხმის შედეგად, ადგილობრივი სამართალდამცავი უწყების ცნობით, დაიღუპა ერთი ადამიანი. არიან დაშავებულებიც.
პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.
"სამძებრო ღონისძიების ფარგლებში, რომელიც დაუყოვნებლივ დაიწყო, ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება და დაკავება მოხერხდა". - ნათქვამია მანჰაიმის საქალაქო პოლიციის განცხადებაში.
ეჭვმიტანილის ვინაობის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
ქალაქის ცენტრში, შემთხვევის ადგილზე გამოძიება გრძელდება.
თვითმხილველების თქმით, თავდასხმის დროს მანქანა ქალაქის ცენტრში, საფეხმავლო ზონაში მოწყობილ ბაზრობაზე, ხალხის მიმართულებით მაღალი სისწრაფით დაიძრა და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა.
ცნობისთვის, დაახლოებით 2 კვირის წინ, 13 თებერვალს გერმანიის ქალაქ მიუნხენში ხალხში მანქანით შევარდა 24 წლის ავღანელი ლტოლვილი, რის შედეგადაც, სულ მცირე, 30 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ბავშვებიც.