რეჟიმის პატიმრები

საქალაქოში ზასოხაშვილის და ლომიძის პროცესი გაიმართა - ლომიძე სხდომას ისევ ვერ დაესწრო

თემურ ზასოხაშვილი სასამართლო პროცესზე
მინდია გაბაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. რეჟიმი მათ პოლიციელებზე თავდასხმას და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. 

სხდომას მხოლოდ თემურ ზასოხაშვილი ესწრებოდა, რაც შეეხება დავით ლომიძეს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება, სხდომას დისტანციურად ჩაერთო. 

დღევანდელ სხდომაზე ჩვენებები პროკურატურის მოწმეებმა მისცეს, მათ შორის ძალოვანი უწყებების თანამშრომლებმა. 

ბრალდების მხარის მოწმემ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ დაინახა, როგორ ისროდნენ ზასოხაშვილი და ლომიძე წყლის ჭავლის მანქანის მიმართულებით ბოთლებს, რომელშიც სითხე იყო, მისი თქმით არ იცის, რა სითხე ესხა იქ. რაც შეეხება ადვოკატის შეკითხვას, რამე სპეციფიკური ნავთობის სუნი ხომ არ იგრძნო, მოწმემ უპასუხა, რომ არ ახსოვს, რადგან პირბადე ეკეთა. 

პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი ამბობს, რომ "ხელის კვალი ამ შემთხვევაში არ არის, რადგან შესაბამისი ექსპერტიზა არ ჩატარებულა".

ჟურნალისტების შეკითხვაზე, მაშინ საიდან დასტურდება, რომ ბრალდებულებმა დაამზადეს და გამოიყენეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი, ხუბეჯაშვილი პასუხობს:

"ვიდეოჩანაწერში, ამ მოწმეთაგან [პროკურატურის მოწმეები] მითითებულ ინფორმაციაში, მათ მიმდებარედ არსებული კვალის კვლევის შედეგად დადგინდა ეს ყოველივე რაზეც ვსაუბრობთ".

დაცვის მხარის განცხადებით, ვიდეოჩანაწერი, რომელსაც პროკურატურა მტკიცებულებად იყენებს, არის არაიდენტიფიცირებადი კონკრეტული პირის მიმართ. 

"ძალიან ბევრი ადამიანი ჩანს და თუნდაც ის ფაქტი, რომ ვიღაცამ ისროლა, მარტო ამ ვიდეომასალაზე დაყრდნობით, შეუძლებელს ხდის კონკრეტული პირის მიმართ ბრალდების წარდგენას. 

როგორ მოხდა ისე, რომ ნეიტრალური მოწმე ვერავინ ვერ იპოვეს და მაინც და მაინც, წყლის ჭავლის მანქანის მმართველი პოლიციელი და სხვა პოლიციელი დაახლოებით 40 მეტრის დაშორებით, სადაც კვამლია, ასეთ პირობებში კონკრეტულ ადამიანებს ისე აღწერენ, ორივე მათგანი, რომ წერილ-მძიმეც არ არის ოქმებში შესული" - ამბობს ადვოკატი. 

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავით ლომიძე სასამართლო სხდომებს ფიზიკურად 21 იანვრიდან ვერ ესწრება, მაშინ ადვოკატმა სხდომაზე თქვა, რომ დავით ლომიძემ მას შეატყობინა, რომ ვერ დგებოდა, სტკიოდა ხერხემალი, ამის მიზეზად კი დაკავებისას პოლიციელების მიერ მის ცემას ასახელებდა. 

მამის მდგომარეობის დამძიმების შესახებ საუბრობდა მისი შვილიც, ბაჭია ლომიძეც. 

დავით ლომიძე თემურ ზასოხაშვილთან ერთად 1 დეკემბერს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი სისხლის სამართლის მუხლით. დაკავებისას მათ რამდენჯერმე სცემეს. დავით ლომიძე ადვოკატს უყვებოდა, რომ მიკროავტობუსში, სადაც სხვა დაკავებულებთან ერთად იყო ხელები ზურგსუკან შეუკრეს და ისე ურტყამდნენ. 

დავით ლომიძეს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები