28 თებერვლის ღამეს მარიუპოლში ააფეთქეს ავტომობილი, რომელშიც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) წარმომადგენელი იჯდა. ამჟამად ის რეანიმაციაშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას და ვიდეოკადრებს მარიუპოლის საქალაქო საბჭო ავრცელებს.
"დღეს ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, პრიმორსკის რაიონში მარიუპოლის წინააღმდეგობის წევრებმა აფეთქეს ავტომობილი, რომელშიც ФСБ-ს თანამშრომელი იმყოფებოდა. ამ დროისთვის დაშავებული რეანიმაციაშია" - წერს მარიუპოლის საქალაქო საბჭო.
როგორც ქალაქის საბჭოში აცხადებენ, ინციდენტის შემდეგ რუსმა ძალოვანებმა და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა გააძლიერეს "კომპლექსური საძიებო ღონისძიებები", ხოლო უკრაინელი პარტიზანები ოპერაციის დეტალებს მოგვიანებით გაასაჯაროვებენ.





