ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, პროკურატურამ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების ექიმს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ექიმმა პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა, რაც ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა.
"შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით პაციენტი შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოათავსეს, სადაც მკურნალობა უტარდებოდა. აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ექიმმა, რომლის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა.
პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.
პროკურატურამ ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ" - წერს პროკურატურა.
საქმეზე ბრალდება ასევე წარდგენილი აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს. საქმე სასამართლოში არსებითახ იხილება.
2023 წლის 24 ნოემბერს პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია, ბრალი წარუდგინა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელსაც. აღნიშნულ ფაქტზე სასამართლომ ბრალდებულს 12 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
20 წლის ფეხბურთელი 2021 წლის 10 სექტემბერს, მკურნალობის დაწყებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. კლინიკაში ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 11 აგვისტოს კოვიდ-სასტუმროდან გადაიყვანა.





