კრიმინალი

სასამართლომ ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ექიმს 12 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელ ექიმს 12 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 

"ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, რასაც ბრალდების მხარე ითხოვდა. აღნიშნულთან დაკაშირებით გვქონდა წარმოდგენილი შესაბამისი არგუმენტაცია იმ საფრთხეების შესახებ, რაც იმ შემთხვევაში არსებობდა". - თქვა საქმის პროკურორმა.

გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა პროკურატურამ გირაოზე იშუამდგომლა. 

"იმედს გამოვთქვამ იმასთან დაკავშირებით, რომ ქალბატონი, რომელიც დღეს აქ არის და დაჯდება საბრალდებო სკამზე, სულ მალე იხილავს ციხის კედლებს. მე ამ საქმეს თავს შევაკლავ და აუცილებლად დავდებ იმის მტკიცებულებას, რომ საზოგადოებამ იცოდეს. მომავალში, თქვენ რომ პაციენტები გახდეთ, არ უნდა მიხვიდეთ ისეთ ჯალათ ექიმებთან, როგორიც დღეს საბრალდებო სკამზეა" - თქვა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ვახტანგ ჩარკვიანის მამამ. 

ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის თქმით, პროკურატურა ხელს აფარებს სხვა დამნაშავეებსაც, ვინც 21 დღის განმავლობაში გარდაცვლილ ფეხბურთელს ნარკოტიკულ საშუალებას უკეთებდა. 

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის სამარცხვინო პროცესი, პროკურატურა გვთავაზობს შოუს, პროკურატურა არ აძლევს პასუხისგებაში მთავარ დამნაშავეებს. კერძოდ, 21 დღის განმავლობაში პაციენტს გაუკეთდა 1000-მდე ამპულა ნარკოტიკი. ამ ფაქტებს ჩქმალავს, ხელს აფარებს დამნაშავეს პროკურატურა. საბრალდებო სკამზე უნდა აღმოჩნდნენ ის პირები, ვინც ნარკოტიკი გაუკეთა დოზაზე მეტი ადამიანს. ექსპერტები გვეუბნებიან, რომ 1000 ამპულა ნარკოტიკი რომ გაუკეთო სპილოს, ის ვერ გაუძლებს ამხელა დოზას". - თქვა ოჯახის ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა. 

24 ნოემბერს პროკურატურამ პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რომელმაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება წარუდგინა.

23 იანვარს პროკურატურამ იმავე საქმეზე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე ბრალი ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის უფროს ექთანს წარუდგინა. 

"2021 წლის სექტემბერში, სამედიცინო ისტორიის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 17 აგვისტოდან - 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დათარიღებული "პაციენტის დანიშნულების ფურცლები" არ იყო ხელმოწერილი შესაბამისი მორიგე ექთნების მიერ. ამავე პერიოდში, ბრალდებულმა ხსენებულ დოკუმენტზე, მორიგე ექთნების ნაცვლად  თავად მოაწერა ხელი, რითიც დოკუმენტში შეიტანა არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული. რეალურად მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა. გაყალბების შემდეგ აღნიშნული დოკუმენტები ბრალდებულმა  სამედიცინო ისტორიაში მოათავსა". - წერია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში. 

რადიო თავისუფლების ცნობით, 20 წლის ფეხბურთელი 2021 წლის 10 სექტემბერს, მკურნალობის დაწყებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. კლინიკაში ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 11 აგვისტოს კოვიდ-სასტუმროდან გადაიყვანა.

კომენტარები