საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ერიკ ლომბარმა Bloomberg Television-თან ინტერვიუში თქვა, რომ გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი და სხვა ევროპული სახელმწიფოები მზად არიან, შესაძლო ზავის უზრუნველსაყოფად სამხედროები უკრაინაში გაგზავნონ.
ლომბარის თქმით, იგი ასევე მოელის, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მშვიდობის შესანარჩუნებლად ევროპელ სამხედროებს აშშ-ს მხარდაჭერაც ექნება.
"თუ გვინდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაცული იყოს, ჩვენ აშშ-ს მხარდაჭერა გვჭირდება". - თქვა მან და დაამატა, რომ "ამერიკელები ამაზე დათანხმდნენ".
მანამდე, ლომბარი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვაშინგტონში ჩავიდნენ, რათა ამერიკელ კოლეგებთან, მათ შორის დონალდ ტრამპთან და ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან უკრაინისა და სავაჭრო საკითხები განეხილათ.
"ჩვენ ვილაპარაკეთ ყველა საკითხზე, ვაჭრობაზე , ტარიფებზე, არასატარიფო ბარიერებზე. შევთანხმდით, რომ საუბარს გავაგრძელებთ, რაც წინგადადგმული ნაბიჯია". - თქვა ლომბარმა.
17 თებერვალს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი მზადაა, ბრიტანელი სამხედროები უკრაინაში გაგზავნოს, რათა ნებისმიერი სახის სამშვიდობო შეთანხმება აღსრულებული იყოს.
უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის იდეას ემხრობა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელიც ასევე ამტკიცებს, რომ ამ იდეაზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც არის თანახმა.
"იგი [პუტინი] ამაზე დათანხმდება". - თქვა ტრამპმა უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნასთან დაკავშირებით: "მე კონკრეტულად ეს კითხვა დავუსვი. ამაზე პრობლემა არ აქვს". - დაამატა მან.
თუმცა, მოგვიანებით კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ამ საკითხთან დაკავშირებით ხაზი გაუსვა სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ მსგავსი ნაბიჯი რუსეთისთვის მიუღებელი იქნება.