გერმანული გამოცემა Die Zeit წერს, რომ რუსეთისა და აშშ-ს დელეგაციები საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში 25 თებერვალს შეხვდებიან.
გამოცემა არ ასახელებს შეხვედრის მონაწილეებს. პირველად აშშ-ს და რუსეთის წარმომადგენლები საუდის არაბეთში 18 თებერვალს შეხვდნენ.
ამ ეტაპზე აშშ-ს და რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
18 თებერვალს, ერ-რიადში ერთმანეთს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ.
შეხვედრაზე არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია ჰქონდა უკრაინისა და ევროპის ლიდერებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც 18 თებერვალს თურქეთში იმყოფებოდა კიევში დაბრუნდა. უკრაინის პრეზიდენტმა ნეგატიური შეფასება მისცა შეხვედრას, რომელსაც უკრაინის არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა.
აშშ-რუსეთის შეხვედრის პარალელურად პარიზში საგანგებო სამიტი გამართა ემანუელ მაკრონმა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტის გარდა რამდენიმე ევროკავშირის ლიდერიც ესწრებოდა.
მოგვიანებით, რუბიომ განმარტა, რომ ერ-რიადში შეხვედრაზე არ იყო საუბარი უკრაინაზე. მხარეებმა აშშ-სა და რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ისაუბრეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პრაქტიკულად შეჩერდა.





