დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

ენერგო-პრო-ჯორჯია: გურიასა და აჭარაში სხვადასხვა რეგიონიდან დამატებითი ჯგუფებია ჩასული

კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებით, გურიასა და აჭარაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული დამატებითი ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, 

კომპანიის განცხადებით, დამატებითი ჯგუფები ჩასულია: კახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან.

როგორც კომპანია წერს, გზებზე დიდთოვლობის გამო, სპეციალურ ტექნიკას გადაადგილება უჭირს და უმეტეს შემთხვევაში, ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა.

"ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება გურიის სოფლების ნაწილს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს. ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება რაიონულ ცენტრებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს.

თითქმის მთელი საქართველოდან გურიაში და აჭარაში ჩასული ელექტრიკოსები ამ წუთებშიც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და განაგრძობენ იქამდე, სანამ ენერგომომარაგების აღდგენა სრულად არ მოხდება". - ნათქვამია განცხადებაში. 

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა, მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, არ მიეწოდებათ შუქი და წყალი. დიდთოვლობის გამო ვერ ახერხებენ გადაადგილებას. გურიის ერთ-ერთ სოფელში სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა.

კომენტარები