გამოცემა Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო თვეებში, მათ შორის გასულ კვირას, აშშ-სა და რუსეთის პირები რუსეთ-უკრაინის ომის განსახილველად შვეიცარიაში არაოფიციალურად შეხვდნენ.
გამოცემის ორმა წყარომ თქვა, რომ ერთ-ერთი შეხვედრა გასულ კვირას ჟენევაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შედგა.
ერთ-ერთმა წყარომ შვეიცარიაში მიმდინარე მოლაპარაკებები სამოქალაქო დიპლომატიის ნიმუშად მოიხსენია. ამგვარი დიპლომატია არასამთავრობო პირებს შორის არაოფიციალურ დიალოგს გულისხმობს, რაც მიზნად არა კონკრეტული წინადადებების წარდგენას, არამედ კომუნიკაციის გაუმჯობესებას ისახავს.
Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრების მონაწილეებს დიპლომატიისა და უსაფრთხოების სფეროებში გამოცდილება აქვთ, თუმცა თანამდებობის პირები არ არიან და გაურკვეველია, რომელიმე მათგანი შეხვედრაზე მთავრობის გაგზავნილი იყო თუ არა.
როგორც გამოცემა წერს, ერთმა წყარომ მიუთითა, რომ სამოქალაქო დიპლომატია შესაძლოა არარელევანტური გახდა, რადგან აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებმა ბოლო კვირებში დიალოგი ოფიციალურად დაამყარეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი წყაროს თანახმად, შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ტრამპის მრჩეველთა მცირე ნაწილმა მაინც ფლობს.
როგორც Reuters წერს, შეხვედრის დეტალები, მათ შორის დღის წესრიგი, უცნობია. ასევე, გაურკვეველია, შეხვედრას უკრაინული მხარე ესწრებოდა თუ არა.
აქამდე, Reuters აშშ-სა და რუსეთს შორის სამოქალაქო დიპლომატიის მცდელობების შესახებ 2023 და 2024 წლებში იუწყებოდა, თუმცა მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.
18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ადგილობრივი აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებები გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა:
"უკრაინა არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა უშედეგოდ მიიჩნევს ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე. და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენს შესახებ, რომელიც ჩვენს გარეშე შედგა. და ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს". - თქვა ზელენსკიმ.
მოლაპარაკებების მაგიდაზე არ იყო მიწვეული ევროპაც, რის გამოც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრა დაინიშნა.
შეხვედრას მაკრონის გარდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
თუმცა, 17 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში ომის დამთავრებაზე სერიოზული ხასიათის მოლაპარაკებებში მონაწილეობა როგორც უკრაინამ, ასევე ევროპამაც უნდა მიიღონ.
"ერთი შეხვედრა ამას არ მოაგვარებს, მაგრამ მინდა გავიმეორო, პრეზიდენტმა გარკვევით თქვა - მას ამ ომის დამთავრება უნდა და თუ შესაძლებლობები გამოჩნდება ამის მისაღწევად, ჩვენ მათ გამოვიყენებთ". - ამბობს ტრამპის სახელმწიფო მდივანი.
რუბიოს თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი კარგი ნაბიჯია, მაგრამ ახლა ამ ყოველივეს ქმედებები უნდა მოჰყვეს.
ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრები ჯერ მხოლოდ წინასწარია, ხოლო "რეალურ მოლაპარაკებებში" უკრაინა და ევროპაც იქნება ჩართული.
"თუ რეალური მოლაპარაკებები იქნება, და ჯერ ჩვენ მანდამდე მისულები არ ვართ, მაგრამ თუ ეს მოხდება, უკრაინა ჩართული უნდა იყოს, რადგან მათ დაესხნენ თავს, და ევროპა უნდა იყოს ჩართული, რადგან მათ სანქციები აქვთ პუტინსა და რუსეთზეც, და მათ წვლილი შეიტანეს ამ ძალისხმევაში". - დაამატა მან.
ამასთანავე, New York Times-მა 21 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუბიომ შეშფოთებულ ევროპელ მაღალჩინოსნებს უთხრა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს, რუსეთთან ნებისმიერი სახის ორმხრივი შეთანხმების პირობების მიღება უკრაინას ან ევროპას დააძალოს.
რუბიოს თქმით, ვაშინგტონს გარკვევით ესმოდა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს დასავლეთის დაყოფისთვის ან მსოფლიოსგან რუსეთის იზოლაციის შესასუსტებლად გამოიყენებდა. NYT-ის ცნობით, მან ევროპელ პარტნიორებს ასევე უთხრა, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ მოხსნის, თუ რუსეთის პოზიციაში აშკარა ცვლილება არ იქნება, თუმცა არ გამორიცხა შეზღუდული სახით სანქციების მოხსნა, თუ მოსკოვი ისეთ ნაბიჯებს გადადგამდა, რომელიც აშშ-ს ადმინისტრაციას სურს.





