აშშ-რუსეთი

რუსეთში აშშ-ს ელჩად შესაძლოა რიჩარდ ნორლანდი დანიშნონ

გამოცემა Коммерсантъ-ის ინფორმაციით, აშშ-მ რუსეთს ახალი ელჩის კანდიდატურაზე რიჩარდ ნორლანდის დანიშვნის თხოვნა გაუგზავნა.

გამოცემის ინფორმაციით, რიჩარდ ნორლანდის კანდიდატურა, რომელიც ადრე აშშ-ს ელჩად მსახურობდა უზბეკეთსა და საქართველოში, ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო წარდგენილი, ხოლო ტრამპის ახალ ადმინისტრაციას ის არ მოუხსნია.

69 წლის რიჩარდ ნორნალდი 40 წელზე მეტია ჩართულია დიპლომატიურ საქმიანობაში. ის რუსულ, ფრანგულ, ნორვეგიულ და ლატვიურ ენებს ფლობს. ნორნალდი სხვადასხვა დროს მსახურობდა აშშ-ს საელჩოებში ბაჰრეინში, ნორვეგიასა და მოსკოვში. 

2005-2007 წლებში იგი ავღანეთში აშშ-ს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, ხოლო 2007-2010 წლებში იკავებდა აშშ-ს ელჩის თაბამდებობას უზბეკეთში. 2012-2015 წლებში კი რიჩარდ ნორლანდი იყო აშშ-ს ელჩი საქართველოში. 2020-იან წლებში ნორლანდი აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა ლიბიის საკითხებში.

18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საუდის არაბეთში რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, იმ ოთხ საკითხზე ისაუბრა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, მხარეები შემდეგ საკითხებზე შეთანხმდნენ:

  • "ჩამოყალიბდეს საკონსულტაციო მექანიზმი, რათა მოგვარებული იყოს ორმხრივ ურთიერთობაში გამაღიზიანებელი ფაქტორები იმ მიზნით, რომ გადაიდგას საჭირო ნაბიჯები ჩვენი შესაბამისი დიპლომატიური მისიების საქმიანობის ნორმალიზებისთვის;
  • დაინიშნოს შესაბამისი მაღალი დონის ჯგუფები, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მუშაობა უკრაინაში კონფლიქტის დამთავრების გზაზე ისე, რომ ეს იყოს მდგრადი, გრძელვადიანი და მისაღები ყველა მხარისთვის;
  • საფუძველი ჩაეყაროს სამომავლო თანამშრომლობას საერთო გეოპოლიტიკური ინტერესის მქონე საკითხებზე, ასევე ისტორიულ ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რაც უკრაინაში კონფლიქტის წარმატებით დასრულების შედეგად აღმოცენდება;
  • მხარეები დღევანდელ შეხვედრაზე პირობას დებენ, შეინარჩუნონ ერთმანეთთან წვდომა, რათა გარანტირებული იყოს, რომ პროცესი წინ დროულად და პროდუქტიულად წავიდეს".

კომენტარები