აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საუდის არაბეთში რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, იმ ოთხ საკითხზე ისაუბრა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, მხარეები შემდეგ საკითხებზე შეთანხმდნენ:
- "ჩამოყალიბდეს საკონსულტაციო მექანიზმი, რათა მოგვარებული იყოს ორმხრივ ურთიერთობაში გამაღიზიანებელი ფაქტორები იმ მიზნით, რომ გადაიდგას საჭირო ნაბიჯები ჩვენი შესაბამისი დიპლომატიური მისიების საქმიანობის ნორმალიზებისთვის;
- დაინიშნოს შესაბამისი მაღალი დონის ჯგუფები, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მუშაობა უკრაინაში კონფლიქტის დამთავრების გზაზე ისე, რომ ეს იყოს მდგრადი, გრძელვადიანი და მისაღები ყველა მხარისთვის;
- საფუძველი ჩაეყაროს სამომავლო თანამშრომლობას საერთო გეოპოლიტიკური ინტერესის მქონე საკითხებზე, ასევე ისტორიულ ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რაც უკრაინაში კონფლიქტის წარმატებით დასრულების შედეგად აღმოცენდება;
- მხარეები დღევანდელ შეხვედრაზე პირობას დებენ, შეინარჩუნონ ერთმანეთთან წვდომა, რათა გარანტირებული იყოს, რომ პროცესი წინ დროულად და პროდუქტიულად წავიდეს".
რუბიოს განმარტებით, პირველი მომდევნო ნაბიჯი, რომელიც მხარეებს შორის გადაიდგმება საკუთარ დიპლომატიურ ჯგუფებთან მუშაობაა, რათა მხარეები დარწმუნდნენ, რომ დიპლომატიური მისია იქნება "ფუნქციური და ექნება მუშაობის უნარი".
მეორე საკითხი გულისხმობს მაღალი დონის ჯგუფების მომზადებას, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან, მათ შორის, სხვადასხვა საკითხების ექსპერტები. რუბიოს თქმით, ჯგუფი პასუხისმგებელი იქნება მოლაპარაკებების ტექნიკურ მხარეზე, "ასევე, იმაზე თუ რა სახით დასრულდება კონფლიქტი". ამასთან, რუბიოს თქმით, ჯგუფი ჩართული იქნება მოლაპარაკებებში, როგორც უკრაინასთან და ევროპელ პარტნიორებთან, ასევე რუსეთთან.
რაც შეეხება მესამე საკითხს, რუბიოს განმარტებით, ეს გულისხმობს იმ "განსაკუთრებული შესაძლებლობების" იდენტიფიცირებას, რომელიც კონფლიქტის წარმატებით დასრულების შედეგად გაჩნდება. მათ შორის, რუსეთთან გეოპოლიტიკური თანამშრომლობა, საერთო ინტერესებზე მუშაობა და ასევე ეკონომიკური საკითხები. რუბიო იმედს გამოთქვამს, რომ "ეს კარგი იქნება მსოფლიოსთვის და გამოასწორებს ურთიერთობას გრძელ ვადაში ამ ორ მნიშვნელოვან ქვეყანას [აშშ-სა და რუსეთს] შორის".
ამასთან, რუბიოს განმატებით, სამივე ზემოხსენებული საკითხი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. რუბიოს თქმით, დიპლომატიური საკითხი მისი აზრით ყველაზე მარტივია, რადგან ეს დამოკიდებულია ორი მხარის დიპლომატიური მისიის ნაბიჯებზე. მეორე საკითხი კი რთულია, რადგან ის ეხება უკრაინასა და კონფლიქტის დასრულებას. მისი თქმით, მეორე საკითხის შესრულება აუცილებელია, რათა მესამე საკითხი საერთოდ შესაძლებელი გახდეს.
"გასაღები, რომელიც მესამე საკითხს, განსაკუთრებული შესაძლებლობების გაჩენის ზსაკითხს აღებს, უკრაინის კონფლიქტის დასრულებაშია". - თქვა რუბიომ.
დღეს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ადგილობრივი აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებები გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა:
"უკრაინა არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა უშედეგოდ მიიჩნევს ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე. და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენს შესახებ, რომელიც ჩვენს გარეშე შედგა. და ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს". - თქვა ზელენსკიმ.
მოლაპარაკებების მაგიდაზე არ იყო მიწვეული ევროპაც, რის გამოც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრა დაინიშნა.
შეხვედრას მაკრონის გარდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
თუმცა, 17 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში ომის დამთავრებაზე სერიოზული ხასიათის მოლაპარაკებებში მონაწილეობა როგორც უკრაინამ, ასევე ევროპამაც უნდა მიიღონ.
"ერთი შეხვედრა ამას არ მოაგვარებს, მაგრამ მინდა გავიმეორო, პრეზიდენტმა გარკვევით თქვა - მას ამ ომის დამთავრება უნდა და თუ შესაძლებლობები გამოჩნდება ამის მისაღწევად, ჩვენ მათ გამოვიყენებთ". - ამბობს ტრამპის სახელმწიფო მდივანი.
რუბიოს თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი კარგი ნაბიჯია, მაგრამ ახლა ამ ყოველივეს ქმედებები უნდა მოჰყვეს.
ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრები ჯერ მხოლოდ წინასწარია, ხოლო "რეალურ მოლაპარაკებებში" უკრაინა და ევროპაც იქნება ჩართული.
"თუ რეალური მოლაპარაკებები იქნება, და ჯერ ჩვენ მანდამდე მისულები არ ვართ, მაგრამ თუ ეს მოხდება, უკრაინა ჩართული უნდა იყოს, რადგან მათ დაესხნენ თავს, და ევროპა უნდა იყოს ჩართული, რადგან მათ სანქციები აქვთ პუტინსა და რუსეთზეც, და მათ წვლილი შეიტანეს ამ ძალისხმევაში". - დაამატა მან.





