რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ჯონსონის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის მიტოვებას არ ცდილობს

ბორის ჯონსონი

გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას არ ღალატობს და ევროპელი მოკავშირეები ტრამპის განცხადებებთან მიმართებით "უთავო ქათმებს" შეადარა.

"გულწრფელად რომ ვთქვა, გარკვეული უთავო ქათმობა ხდება ევროპელების მხრიდან იმაზე, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს". - თქვა ჯონსონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე GB News-თან ინტერვიუში.

ჯონსონის თქმით, "ტრამპის ნათქვამის შემხედველი, რასაც [აშშ-ს თავდაცვის მინისტრი] პიტ ჰეგსეთი ამბობს, ისინი უკრაინას არ ღალატობენ".

"ისინი უკრაინის მიტოვებას არ ცდილობენ. ისინი ამბობენ, რომ უკრაინა სუვერენული, აყვავებული ქვეყანა უნდა იყოს. ამბობენ, რომ პუტინმა ვერ უნდა გაიმარჯვოს. ამბობენ, რომ ისინი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ". - აღნიშნა მან.

ყოფილმა პრემიერმა ასევე უარყო ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ ბრალდებები, რომ აშშ პუტინთან ლაპარაკით "დაშოშმინების" პოლიტიკას ატარებს.

"ტრამპმა ძალიან კარგად იცის, რომ პირადად ვერ დაუშვებს, ქაოსური კრახი ჰქონდეს უკრაინაში. [ტრამპი] ვერ დაუშვებს ზელენსკის მთავრობის განადგურებას, პუტინის მიერ დაპყრობას, NATO-ს სრულ დამცირებას, დასავლეთისთვის დამცირებას". - აღნიშნა მან.

ამას გარდა, ჯონსონმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას კვლავ შეუძლია NATO-ს წევრი გახდეს, ჰეგსეთის განცხადების მიუხედავად, რომ NATO-ს წევრობა უკრაინისთვის ნაკლებად სავარაუდოა. მისი თქმით, "ვერ იქნები სუვერენული ქვეყანა, თუ შეზღუდული ხარ, თუ ხელს გიშლიან მომავალში გარკვეულ ეტაპზე შეუერთდები თუ არა NATO-ს".


12 თებერვალს პიტ ჰეგსეთმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა წარადგინა და განაცხადა, რომ "აშშ-ს აზრით, უკრაინისთვის NATO-ს წევრობა არ იქნება მოლაპარაკებით მიღწეული გარიგების რეალისტური შედეგი", რა პოზიციაც მოგვიანებით დონალდ ტრამპმაც გაიზიარა, რომელმაც თქვა, რომ ჰეგსეთის მიერ გაკეთებული განცხადება სწორი იყო.

რას გულისხმობს ტრამპის გეგმა უკრაინაში ომის დასამთავრებლად?

თუმცა, ტრამპის თავდაცვის მინისტრის თქმით, მისი განცხადებები არა წითელ ხაზებად, არამედ არსებული ვითარების რეალურ დახასიათებად უნდა აღიქმებოდეს.

მოგვიანებით ჰეგსეთმა გამოცემა Breitbart News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტა, რომ არ გამორიცხავს უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას ან NATO-ში გაწევრიანებას, თუმცა მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მისაღები იქნება.

ამავდროულად, უკრაინასა და რუსეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ, ჯონ კოლმა განაცხადა, რომ აშშ არ გამორიცხავს უკრაინისთვის NATO-ს პოტენციურ წევრობას ან მოლაპარაკებების შედეგად 2014 წლამდელ საზღვრებში დაბრუნებას.

"ამჟამად ეს მოლაპარაკების მაგიდაზე რჩება" - უპასუხა კოლმა კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა აშშ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას და დაამატა, რომ უკრაინის 2014 წლამდელ საზღვრებთან დაბრუნებაც მაგიდაზე რჩება.

ამასთანავე, კითხვაზე, უთმობს თუ არა აშშ წინასწარ პუტინს ზედმეტად ბევრს, კოლმა უპასუხა, რომ "ზოგიერთმა პირმა დაუფიქრებლად ისაუბრა, მაგრამ არ მგონია, რომ რაიმეს ვთმობთ".

"პუტინთან და რუსებთან ეს არ იცი. ჩვენს გაცრუებას ცდილობენ? თუ გულწრფელები არიან? და შემდეგ მოლაპარაკებების მაგიდასთან მიხვალ და ყველაფერს სწრაფად იგებ". - დაამატა მან.

ხოლო გამოცემა Wall Street Journal-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა 13 თებერვალს თქვა, რომ რომ აშშ მოსკოვს სანქციებითა და პოტენციური სამხედრო ქმედებით უპასუხებს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში სამშვიდობო გარიგებაზე არ დათანხმდება, რომელიც კიევის გრძელვადიან დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

გამოცემის ცნობით, ვენსმა "მოლაპარაკების მაგიდაზე" დატოვა უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი მოლაპარაკებებს კეთილი ნებით არ გამართავს.

"არსებობს ეკონომიკური ინსტრუმენტები ბერკეტისთვის, და ცხადია, არსებობს სამხედრო ინსტრუმენტებიც", რომლებიც აშშ-ს შეუძლია, პუტინის წინააღმდეგ გამოიყენოს.

ამას გარდა, უკრაინასთან დაკავშირებით ვენსმა აღნიშნა, რომ ჯერ ზედმეტად ადრეა იმის თქმა, თუ უკრაინის ტერიტორიის რა ნაწილი დარჩება რუსეთის კონტროლქვეშ ან რა უსაფრთხოების გარანტიებს შესთავაზებს აშშ და სხვა დასავლელი მოკავშირეები უკრაინას. მისი თქმით, ასეთი დეტალები სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უნდა იყოს განხილული.

კომენტარები