აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი 14 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა უკრაინაში რუსეთის ომის დამთავრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მიზნით. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და რუსეთსა და უკრაინაში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კით კელოგი.
"ფუნდამენტურად, მიზანია , როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, გვინდა ომი დასასრულისკენ წავიდეს, გვინდა მკვლელობები შეწყდეს, მაგრამ გვსურს, მივაღწიოთ გრძელვადიან, მდგრად მშვიდობას, არა ისეთი სახის მშვიდობას, რომლითაც აღმოსავლეთ ევროპა კონფლიქტში იქნება რამდენიმე წლის შემდეგ". - თქვა ვენსმა ზელენსკის პირისპირ.
ვიცეპრეზიდენტმა დაამატა, რომ "ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეკრება და მოლაპარაკებების დაწყება, რაც საჭირო იქნება ამის დასასრულამდე მიყვანისთვის. ამ დროისთვის მხოლოდ ამას ვიტყვი, რადგან გვსურს, არჩევანის გაკეთების სივრცე დავუტოვოთ მომლაპარაკებლებს და ჩვენს შესაბამის გუნდებს, რათა ეს პასუხისმგებლობიანად დამთავრდეს".
ვენსის თქმით, "კარგი მოლაპარაკებები" იყო იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიონ ომის დამთავრებას, რასაც ზელენსკიც დაეთანხმა.
თავის მხრივ, ზელენსკიმ დაამატა, რომ "ჩვენ კარგი საუბარი გვაქვს დღეს, ჩვენს პირველ შეხვედრაზე, მაგრამ არა უკანასკნელზე, დარწმუნებული ვარ".