ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერმინისტრს, აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰს შეხვდა.
"საუბარი შეეხო საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.
ირაკლი კობახიძემ ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკას და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.
საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმის, უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის სექტორებში ინვესტირების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია და ამ კუთხით ქუვეითის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაღრმავება პრიორიტეტულია" - წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაური ქუვეითში ვიზიტით მიიწვია. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰი საქართველოში მოიწვია.
ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში იღებს მონაწილეობას, რომელიც, 11-13 თებერვალს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში იმართება.
მსოფლიო მთავრობათა სამიტის ოფიციალურ პრესრელიზში, რომელიც სამიტის ვებსაიტზე 29 იანვარს გამოქვეყნდა, საქართველოს პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილია მოხსენიებული. სინამდვილეში, სამიტზე დასწრებას ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აპირებს.
ივანიშვილის წარმომადგენლები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გასული თვის ბოლოსაც იყვნენ, მაშინაც ქართულ დელეგაციას კობახიძე ხელმძღვანელობდა.