ივანიშვილის მთავრობამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ვიზიტია ფარგლებში ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტიციას ითვალისწინებს.
ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის ცნობით, აღნიშნულ ინვესტიციას EMAAR ჯგუფი განახორციელებს. კობახიძემ პროექტის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ "განხორციელდება ძალიან საინტერესო პროექტი, ეს არის მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ თბილისში, მეორე მხრივ ბათუმში, გონიოში".
"არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, პირველ რიგში, შეხვედრა გვქონდა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, აბუ-დაბის მმართველთან, ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები მინისტრებთან, მთავრობის წევრებთან. განვიხილეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი, პოლიტიკური თანამშრომლობა და ბევრი ვიმსჯელეთ ეკონომიკურ პროექტებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა კონკრეტული, ძალიან საინტერესო მიმართულებები, სადაც კიდევ უფრო მეტად შეგვიძლია გავაღრმაოთ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში განახორციელებს საინვესტიციო მიმართულებით განსაკუთრებული გამოცდილების მქონე კომპანია, ეს არის ცნობილი EMAAR ჯგუფი. განხორციელდება ძალიან საინტერესო პროექტი, ეს არის მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ თბილისში, მეორე მხრივ ბათუმში, გონიოში.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კიდევ უფრო დააჩქარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს სხვა ინვესტორებსაც ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას და EMAAR ჯგუფს, ის ხელმძღვანელს ბატონ ალაბარს, ყველას განსაკუთრებული მადლობა თანამშრომლობისთვის და დღევანდელი შეთანხმებისთვის, რასაც ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიური განვითარებისთვის". - უთხრა ჟურნალისტებს კობახიძემ.
Emaar ჯგუფის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა ჟურნალისტებთან აღნიშნულ შეთანხმებაზე ისაუბრა და თქვა, რომ "ეს უზარმაზარი ინვესტიცია მოტივაციას მისცემს უამრავ ინვესტორს, რომლებიც იტყვიან "ოჰო! რაღაც სასწაული ხდება საქართველოში! ჩვენც გვინდა მსგავსის გაკეთება!".
"ამ საოცარ ქვეყანაში - საქართველოში - ეს უზარმაზარი ინვესტიცია იცით რას გააკეთებს? ის მოტივაციას მისცემს უამრავ ინვესტორს, რომლებიც იტყვიან "ოჰო! რაღაც სასწაული ხდება საქართველოში! ჩვენც გვინდა მსგავსის გაკეთება! ჩვენც ვცდით". ასე მოხდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც პროექტები წამოვიწყეთ. ჩემთვის დიდი სიამოვნება და პატივია საქართველოში მუშაობა. გპირდებით, რომ კარგ საქმეს გავაკეთებთ. როდესაც ამხელა კაპიტალდაბანდება ხდება ქვეყანაში, ის მოცულობით პოზიტიურ გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე". - თქვა ალაბარმა.





