ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა - ამის შესახებ ინფრომაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში შედგა. მათივე ინფორმაციით, კობახიძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
"შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას და საინვესტიციო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოზიტიურ დინამიკას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან განხორციელებულ ინვესტიციებს და უმსხვილესი დეველოპერული და ლოგისტიკური კომპანიების ინტერესს საქართველოში ინვესტირების კუთხით. ამ კონტექსტში აღინიშნა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მსხვილი ინვესტიცია თბილისის მშრალი პორტის პროექტში, რომლის ოფიციალური გახსნა 2025 წელს იგეგმება, ასევე - უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, რომლის შედეგად, საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება.
საქართველოს მთავრობამ გამოთქვა ინტერესი, გაგრძელდეს მოლაპარაკებები აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან სტრატეგიული ლოგისტიკური-სატრანსპორტო პროექტების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების მიზნით.
შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
რეჟიმის პრემიერმინიტრის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გუშინ, 26 იანვარს დაიწყო ტოლერანტობის მინისტრ შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან შეხვედრით.





