უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ, პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარება მხოლოდ ომის ცხელი ფაზის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
"ჩვენ ვიცავთ დემოკრატიას და არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა უნდა ვიყოთ გულწრფელები, საომარი მდგომარეობის გაუქმება ამ მომენტში სწორედ ის არის, რაც პუტინს სურს". - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, საომარი მდგომარეობის გაუქმებით უკრაინული არმიის წევრთა დიდი ნაწილი შინ დაბრუნდება, რადგან ეს მათი კანონიერი უფლებაა.
"თუმცა ვინ დაიცავს უკრაინას? უშიშროების გარანტიების გარეშე რუსეთი კვლავ შემოიჭრება". - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ის უკრაინელების 73%-მა აირჩია.
ინტერვიუში მან ასევე განაცხადა, რომ "ყოველთვის იყო არჩევნების მომხრე", თუმცა აღნიშნა, რომ ომის მიმდინარეობისას არჩევნების ჩატარება კონსტიტუციურ ცვლილებებს მოითხოვს.
"მთავარი კითხვა ეხება არა მხოლოდ სამართლებრივ ასპექტებს, არამედ ადამიანურ ფაქტორს. როგორ მისცემენ ხმას ჯარისკაცები სანგრებში? როგორ მოხდება იმ მილიონობით უკრაინელის ხმის მიცემა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან? თუ მათ ხმებს აღარ აქვს მნიშვნელობა? 8 მილიონ უკრაინელს, რომლებიც ომის შედეგად საზღვარგარეთ აღმოჩნდნენ?" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მანამდე დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა განაცხადა, რომ აშშ-ს სურს, რომ უკრაინამ არჩევნები ჩაატაროს.
კელოგის თქმით, უკრაინის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც რუსეთთან ომის პერიოდში სამხედრო მდგომარეობის საფუძველზე დროებით გაუქმდა, "უნდა ჩატარდეს".
"დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობა ომის დროს არჩევნებს ატარებს. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მათაც ასე იმოქმედონ. ვფიქრობ, ეს კარგია დემოკრატიისთვის. ეს არის მყარი დემოკრატიის სილამაზე, როცა შენ ერთ ადამიანზე მეტი [პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატი] გყავს". - თქვა კელოგმა.
კელოგის განცხადებას გამოეხმაურა უკრაინის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოქსანა მარკაროვა.
ელჩის განცხადებით, 2025 წლის ბოლომდე უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობის საკითხი ამერიკულ მხარესთან ამჟამად არ განიხილება, თუმცა თუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ თემას წამოაყენებს, უკრაინა მზად არის დისკუსიისთვის.





