მზია ამაღლობელის საქმე

პენიტენციურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი: ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

მზია ამაღლობელი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. მასზე მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. ლაბორატორიული კვლევები ტარდება პრაქტიკულად ყოველდღიურად. ამ ეტაპზე, ბოლო მონაცემებით, მნიშვნელოვანი სახის ცვლილებები არ აღინიშნება. ბრალდებულს ყოვდლღიურად ხვდება სახალხო დამცველის წარმომადგენელიც და ეცნობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ადვოკატისთვოისაც მისი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია. ამ ეტაპზე მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის. მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში.

მოვუწოდეთ მზია ამაღლობელს, შეწყვიტოს შიმშილობა მისი ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე." - ამბობს ურთქმელიძე.

ჟურნალისტი მე-20 დღეა, რაც საპატიმროში პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავს.

30 იანვარს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია დაცვის მხარისთვის კვლავ მიუწვდომელია, ადვოკატების შეფასებით კი, ამაღლობელს უჭირს მათთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა.

კომენტარები