მზია ამაღლობელის საქმე

14 ქვეყნის საელჩო: მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, გადაიხედოს მისი საქმე

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დაფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი

მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი 14 ქვეყნის საელჩო მზია ამაღლობელის პატიმრობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერენ, რომ ამაღლობელი პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს:

"მედიის თავისუფლების კოალიციის წევრები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მზია ამაღლობელის მდგომარეობით, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს. როგორც ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარმა აღნიშნა, მისი წინასწარი პატიმრობა დაუსაბუთებელია. ეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითია საქართველოში ჟურნალისტების დაშინების, რაც ზღუდავს მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლებას. მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მისი საქმე გადაიხედოს.

ამასთანავე, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სისტემური ძალადობის შემდეგ აქციების მონაწილეების მიმართ, ჯერ კიდევ არც ერთ პოლიციელს არ შეუჩერდა სამსახურეობრივი უფლებამოსილება ან მიცემულა პასუხისგებაში. შეგახსენებთ, „მედიის თავისუფლების კოალიციის“ 20 დეკემბრის განცხადებას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს იმ ჟურნალისტთა უფლებები, რომლებმაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პროტესტის გაშუქებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება განიცადეს" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერები:

ავსტრიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს და უკრაინის საელჩოები.

დღეს, 30 იანვარს, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-19 დღეა. 


მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.

მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. 

"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კომენტარები