საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება და მას რეპრესიულად აფასებს.
ივანიშვილის წარმომადგენლმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაკა ბოჭორიშვილმა 2025 წლის 27 იანვარს გამოცემული ბრძანებით, ცვლილებები შეიტანა დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში. საია-ს შეფასებით, აღნიშნული ცვლილება იმეორებს ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დეკემბერში შეტანილ რეპრესიულ ცვლილებებს.
"ცვლილებების მიხედვით, ბრძანებამ, როგორც ქვემდგომმა აქტმა, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი იერარქიის საწინააღმდეგოდ გააუარესა ზემდგომი აქტით, ანუ, დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონით დადგენილი სამართლებრივი მოცემულობა. ამასთან, შინაარსობრივად ცვლილებები იწვევს დიპლომატიური სამსახურის სრულად პარტიულ ინტერესს დაქვემდებარებას" - წერს საია.
კერძოდ, ახალი ბრძანებით, დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, დიპლომატიური თანამდებობის პირებზე გავრცელდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებები.
გაჩნდა პირველადი სტრუქტურული ერთეულის და მისი მოადგილის ცნებები, რომელთა პოზიციაზეც დანიშვნა შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.
შედეგად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დაინიშნებიან სამინისტროს გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, დეპარტამენტის დირექტორი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მინისტრის სამდივნოს უფროსი, იმის მიუხედავად, რომ დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონი მათ არ განიხილავს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად.
ამასთანავე, ცვლილების შედეგად, დიპლომატიურ სამსახურში, გარდა კანონისმიერი საფუძვლებისა, შესაძლებელი ხდება აღნიშნულ თანამდებობის პირთა ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით შეწყვეტა, რის თაობაზედაც 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. თუ ამ პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება მინისტრის ინიციატივით წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
ცვლილებების თანახმად:
- დიპლომატიურ თანამდებობებზე შესაძლებელი გახდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დანიშვნა, რაც ეწინააღმდეგება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს.
- მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ავტომატურად შეწყდება ყველა ამ პოზიციაზე დანიშნული პირის კონტრაქტიც, რაც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების პირდაპირი მექანიზმია.
- ცვლილებები უკანონოდ ამცირებს დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირების დამოუკიდებლობას და ახდენს საჯარო სამსახურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.
- ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს და საზოგადოებრივი სამსახურის დემოკრატიულ პრინციპებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს გაასაჯაროოს, ამოქმედდა თუ არა “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონთან შეუსაბამო 2025 წლის 27 იანვრის №01-74 ბრძანებით გათვალისწინებული რეგულირება 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მათივე ცნობით, ცვლილებები ძალაში 2025 წლის 28 იანვრიდან შევიდა, ხოლო ბრძანება მაცნეზე შეცდომით 2025 წლის 28 ნოემბრითაა დათარიღებული, რაც სამართლებრივ გაუგებრობას ქმნის.
"საია მიიჩნევს, რომ დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში შეტანილი ცვლილებები მკაფიო გაგრძელებაა საჯარო მოხელეებისკენ მიმართული რეპრესიებისა. კერძოდ, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც საჯარო მოხელეებმა, ასევე, გამოხატეს პროტესტი “ქართული ოცნების” პოლიტიკის მიმართ, რომელმაც შეაჩერა ევროკავშირში მოლაპარაკების პროცესი, ინტენსიურად დაიწყო საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლა, რაც, საბოლოოდ აისახა “საჯარო სამსახურის შესახებ კანონში” შეტანილი ცვლილებებით. ხაზგასასმელია, რომ “საგარეო საქმეთა სამინისტროს” თანამშრომლები იყვნენ ერთ-ერთი პირველი საჯარო მოხელეები, რომლებმაც ღიად დაგმეს მიმდინარე მოვლენები, რასაც შედეგად მოჰყვა მათი და ზოგადად კრიტიკული აზრის მქონე საჯარო მოხელეების გათავისუფლების პირდაპირი თუ ირიბი მუქარა და თანამდებობის დატოვებისკენ მოწოდებები “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, დასჯადი ქმედებაა პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე. შესაბამისად, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, თუ ადგილი ასეთ იძულებასაც ექნება, საგამოძიებო ორგანოები ვალდებული არიან, აწარმოონ გამოძიება, ხოლო, საქართველოს პროკურატურამ, როგორც კონსტიტუციურმა ორგანომ, უნდა გაუწიოს ეფექტიანი ზედამხედველობა. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ამ ტიპის დანაშაულებზე, ზოგადად, საქართველოს პროკურატურა გულგრილია.
იმ შემთხვევაში, კი, თუ დიპლომატიური თანამდებობის მქონე პირები ხსენებული ბრძანების საფუძველზე მიიღებენ შეთავაზებას მათი დანიშვნის საფუძვლის ცვლილებასთან და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ეს შეეწინააღმდეგება კანონს. ვინაიდან, კანონქვემდებარე აქტის კანონთან შეუსაბამობის შემთხვევაში უნდა გავრცელდეს კანონის რეგულაციები, ხსენებულ ბრძანებასა და დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონის შორის წინააღმდეგობები ქმნის ბრძანების გასაჩივრებისა და ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს, ისევე, როგორც, იმ შედეგების უკანონოდ მიჩნევის საფუძველს, რომელიც მოჰყვა ზემოთ ხსენებულ ბრძანებას სამართლებრივი შედეგის სახით" - წერს საია.





