ხელოვნური ინტელექტი

ჩინურმა DeepSeek-მა აშშ-ს კომპანიების აქციების დაცემა გამოიწვია, Nvidia-მ $600 მილიარდით იზარალა

REUTERS/Dado Ruvic/Illustrationo

27 იანვარს ბირჟებზე აშშ-ს ტექნოლოგიური კომპანიების აქციები მკვეთრად დაეცა, ხოლო ჩიპების მწარმოებელი Nvidia-ს საბაზრო ღირებულება თითქმის $600 მილიარდით შემცირდა მას შემდეგ, რაც ჩინური ხელოვნური ინტელექტის კომპანია DeepSeek-ის გამოჩენამ ბაზარზე ამერიკის ტექნოლოგიური ინდუსტრიის დომინირებასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.

DeepSeek ერთი წლის წინ დაარსებული სტარტაპია, რომელმაც წინა კვირას ChatGPT-ის მსგავსი ხელოვნური ინტელექტი (AI) მოდელი, სახელად R1, წარადგინა. ჩინური კომპანიის თქმით, მათ AI მოდელს მუშაობისთვის გაცილებით უფრო ნაკლები ხარჯი სჭირდება, ვიდრე OpenAI-ის, Google-ისა და Meta-ს პოპულარულ AI მოდელებს.

ამასთანავე, კომპანიაში თქვეს, რომ საბაზისო მოდელის გამოთვლითი ძალისთვის მხოლოდ $5.6 მილიონის დახარჯვა იყო საჭირო, როცა ამერიკულ კომპანიებს ამისთვის ასობით მილიონობით ან მილიარდობით ოდენობის დოლარის დახარჯვა სჭირდებათ.

DeepSeek-ის ახალი მოდელის გამოჩენიდან რამდენიმე დღეში, 27 იანვრისთვის, Apple-ის აპლიკაციის მაღაზიაში ჩინური AI-ს მოდელმა გადმოწერებით ChatGPT-საც გადაასწრო და ამ კუთხით პირველი ადგილი დაიკავა.

იმავე დღეს Nasdaq-ის ინდექსი 3.1%-ით დაეცა, რაც უმთავრესად Nvidia-ს აქციების ერთ დღეში რეკორდული, თითქმის 17%-ით, შემცირებით იყო განპირობებული. Bloomberg-ის მიხედვით, ეს ყველაზე დიდი დანაკარგი იყო აშშ-ს საფონდო ბირჟის ისტორიაში. ამასთანავე, 1.5%-ით დაეცა S&P 500-ის ინდექსიც.

მკვეთრად დაეცა Meta და Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-იც, ასევე Nvidia-ს კონკურენტი Marvell, Broadcom, Micron და TSMC-ც.

Nvidia-ში განაცხადეს, რომ "DeepSeek შესანიშნავი AI პროგრესს წარმოადგენს" და მაგალითია იმის, თუ რა არის შესაძლებელი, "ფართოდ ხელმისაწვდომი მოდელების ბერკეტად გამოყენებითა და კომპიუტერული გამოთვლით, რომელიც სრულად ემორჩილება საექსპორტო კონტროლს".

თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინური კომპანია DeepSeek-ის აღმასვლა "გამოსაფხიზლებელი ზარია" აშშ-ს ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის.

კომენტარები