ტელემაუწყებლობა CNBC-ს ინფორმაციით, აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებმა წევრებს მითითებები მისცა, რომ ჩინური DeepSeek-ის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.
CNBC-ის ცნობით, 24 იანვარს სამხედრო-საზღვაო ძალებმა გემების ეკიპაჟების წევრები ელექტრონული ფოსტით გააფრთხილა, რომ "არანაირი ფორმით" არ გამოიყენონ DeepSeek-ის ხელოვნური ინტელექტი. ამის მიზეზად "მოდელის წარმომავლობასა და გამოყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ეთიკური კუთხით პოტენციური რისკები" დასახელდა.
ეკიპაჟის წევრების მისამართით გაგზავნილი ელექტრონული ფოსტის ავთენტურობა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების სპიკერმა დაადასტურა.
"ჩვენ გვსურს, თქვენი ყურადღება ახალი ხელოვნური ინტელექტის მოდელთან, სახელად DeepSeek, დაკავშირებით კრიტიკულ ინფორმაციისკენ მივმართოთ". - აცხადებს აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალები. წერილის მიხედვით, "უმნიშვნელოვანესია", რომ გუნდის წევრებმა DeepSeek-ის ხელოვნური ინტელექტი "ნებისმიერი ფორმის სამუშაო დავალებისთვის ან პირადი მოხმარებისთვის" არ გამოიყენონ.
სამხედრო-საზღვაო ძალებში ასევე განაცხადეს, რომ წევრებმა "ნებისმიერი ფორმით DeepSeek-ის მოდელის გადმოწერისგან, დაინსტალირებისგან ან გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავონ".
27 იანვარს ბირჟებზე აშშ-ს ტექნოლოგიური კომპანიების აქციები მკვეთრად დაეცა, ხოლო ჩიპების მწარმოებელი Nvidia-ს საბაზრო ღირებულება თითქმის $600 მილიარდით შემცირდა მას შემდეგ, რაც ჩინური ხელოვნური ინტელექტის კომპანია DeepSeek-ის გამოჩენამ ბაზარზე ამერიკის ტექნოლოგიური ინდუსტრიის დომინირებასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.
DeepSeek ერთი წლის წინ დაარსებული სტარტაპია, რომელმაც წინა კვირას ChatGPT-ის მსგავსი ხელოვნური ინტელექტი (AI) მოდელი, სახელად R1, წარადგინა. ჩინური კომპანიის თქმით, მათ AI მოდელს მუშაობისთვის გაცილებით უფრო ნაკლები ხარჯი სჭირდება, ვიდრე OpenAI-ის, Google-ისა და Meta-ს პოპულარულ AI მოდელებს.
ამასთანავე, კომპანიაში თქვეს, რომ საბაზისო მოდელის გამოთვლითი ძალისთვის მხოლოდ $5.6 მილიონის დახარჯვა იყო საჭირო, როცა ამერიკულ კომპანიებს ამისთვის ასობით მილიონობით ან მილიარდობით ოდენობის დოლარის დახარჯვა სჭირდებათ.
DeepSeek-ის ახალი მოდელის გამოჩენიდან რამდენიმე დღეში, 27 იანვრისთვის, Apple-ის აპლიკაციის მაღაზიაში ჩინური AI-ს მოდელმა გადმოწერებით ChatGPT-საც გადაასწრო და ამ კუთხით პირველი ადგილი დაიკავა.
Nvidia-ში განაცხადეს, რომ "DeepSeek შესანიშნავი AI პროგრესს წარმოადგენს" და მაგალითია იმის, თუ რა არის შესაძლებელი, "ფართოდ ხელმისაწვდომი მოდელების ბერკეტად გამოყენებითა და კომპიუტერული გამოთვლით, რომელიც სრულად ემორჩილება საექსპორტო კონტროლს".
თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინური კომპანია DeepSeek-ის აღმასვლა "გამოსაფხიზლებელი ზარია" აშშ-ს ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის.