ხელოვნური ინტელექტის ამერიკული კომპანია OpenAI-ის განცხადებით, მოიპოვა მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ჩინურმა AI სტარტაპმა DeepSeek OpenAI-ის მოდელი საკუთარი მოდელის გასავითარებლად გამოიყენა. თუ ბრალდება დამტკიცდება, ეს ჩინური კომპანიის მხრიდან ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევა იქნება.
ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის, ChatGPT-ის შემქმნელმა გამოცემა Financial Times-თან საუბრისას თქვა, რომ მას ე.წ. დისტილაციის მტკიცებულება ჰქონდა, რომელიც, მისი ვარაუდით, სწორედ DeepSeek-ის მიერ განხორციელდა.
ე.წ. დისტილაცია გულისხმობს ტექნიკას, რომლის გამოყენებითაც დეველოპერები უფრო პატარა და ნაკლებად მძლავრ მოდელს უფრო დიდი და მძალვრი მოდელის დახმარებით ავითარებს. ამ დროს, პატარა მოდელი დიდი მოდელისგან "სწავლობს", უფრო კონკრეტულად, დიდი მოდელის მიერ გენერირებული შედეგების/პასუხების გამოყენებით, რითაც საბოლოოდ, პატარა მოდელის პერფორმანსის ხარისხი დიდი მოდელის პერფორმანსის ხარისხს უთანაბრდება, თუმცა ნაკლები ენერგო და ოპერაციული დანახარჯებით.
ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში ე.წ. დისტილაცია მიღებული პრაქტიკაა, თუმცა ის, რაც OpenAI-ის მომსახურების პირობებს არღვევს, DeepSeek-ის მიერ აღნიშნული ტექნიკის გამოყენებაა იმ მიზნით, რომ OpenAI-ის მოდელის კონკურენტი მოდელი შექმნას; სახელდობრ, გამოიყენოს სხვა კომპანიის მოდელი საკუთარი მოდელის შესაქმნელად, რომელიც სწორედ აღნიშნული კომპანიის მოდელს გაუწევს კონკურენციას.
OpenAI-ის მომსახურების პირობების მიხედვით, ჩატბოტის მომხმარებლებს არ შეუძლიათ, "დააკოპირონ" კომპანიის რომელიმე სერვისი ან "გამოიყენონ [ჩატბოტის პასუხები] ისეთი მოდელების შესაქმნელად, რომლებიც OpenAI-ის გაუწევენ კონკურენციას".
როგორც Financial Times წერს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის AI და კრიპტო "ცარმა", ბიზნესმენმა დეივიდ საქსმა თქვა, რომ "შესაძლოა, IP [მისამართის] ქურდობა მომხდარიყო".
"ხელოვნური ინტელექტის სფეროში არსებობს ტექნიკა, სახელად დისტილაცია... როდესაც ერთი მოდელი მეორე მოდელისგან სწავლობს და ერთგვარად, მშობელი მოდელისგან ცოდნას გამოწოვს. და არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ რაც DeepSeek-მა გააკეთა, არის ის, რომ მათ OpenAI-ის მოდელისგან ცოდნა "გამოხადეს". მე არ მგონია, რომ OpenAI-ის უხაროდეს". - თქვა საქსმა Fox News-თან საუბრისას.
ცნობისთვის, ბირჟებზე აშშ-ს ტექნოლოგიური კომპანიების აქციები მკვეთრად დაეცა, ხოლო ჩიპების მწარმოებელი Nvidia-ს საბაზრო ღირებულება თითქმის $600 მილიარდით შემცირდა მას შემდეგ, რაც ჩინური ხელოვნური ინტელექტის კომპანია DeepSeek-ის გამოჩენამ ბაზარზე ამერიკის ტექნოლოგიური ინდუსტრიის დომინირებასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.
DeepSeek ერთი წლის წინ დაარსებული სტარტაპია, რომელმაც წინა კვირას ChatGPT-ის მსგავსი ხელოვნური ინტელექტი (AI) მოდელი, სახელად R1, წარადგინა. ჩინური კომპანიის თქმით, მათ AI მოდელს მუშაობისთვის გაცილებით უფრო ნაკლები ხარჯი სჭირდება, ვიდრე OpenAI-ის, Google-ისა და Meta-ს პოპულარულ AI მოდელებს.
ამასთანავე, კომპანიაში თქვეს, რომ საბაზისო მოდელის გამოთვლითი ძალისთვის მხოლოდ $5.6 მილიონის დახარჯვა იყო საჭირო, როცა ამერიკულ კომპანიებს ამისთვის ასობით მილიონობით ან მილიარდობით ოდენობის დოლარის დახარჯვა სჭირდებათ.
DeepSeek-ის ახალი მოდელის გამოჩენიდან რამდენიმე დღეში, 27 იანვრისთვის, Apple-ის აპლიკაციის მაღაზიაში ჩინური AI-ს მოდელმა გადმოწერებით ChatGPT-საც გადაასწრო და ამ კუთხით პირველი ადგილი დაიკავა.