სერბეთის პრემიერმინისტრი მილოშ ვუჩევიჩი ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი ანტისამთავრობო აქციების ფონზე თანამდებობიდან გადადგა.
ვუჩევიჩმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გადადგომა საპროტესტო აქციებით შექმნილი დაძაბულობის განმუხტვას ისახავს მიზნად.
"ყველას მოვუწოდებ, რომ ვნებები დაიმშვიდოს და დიალოგის რეჟიმს დაუბრუნდეს". - თქვა ვუჩევიჩმა.
ბელგრადში საპროტესტო დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2 ნოემბერს სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
ვუჩევიჩის თქმით, თანამდებობას დატოვებს ნოვი-სადის მერი მილან ჯურიჩიც.
მოსალოდნელია, რომ ვუჩევიჩის გადადგომა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის წინაპირობა გახდება. მისი გადადგომა სერბეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, რომელსაც 30 დღე ექნება, აირჩიოს, ახალ მთავრობას დაამტკიცებს თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს გამართავს.
პარალელურად, სერბეთის ქუჩებში საპროტესტო აქციები გრძელდება, რომლებმაც სტუდენტები, მასწავლებლები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები გააერთიანა. მომიტინგეები რკინიგზის სადგურზე მომხდარ ტრაგედიას პოპულისტი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მთავრობაში არსებულ კორუფციას აბრალებენ.





