2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში

ლუკაშენკოს გაპრეზიდენტება პუტინმა, ალიევმა და თოყაევმა მიულოცეს

ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტი

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ალექსანდრ ლუკაშენკო საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად გამოაცხადა. ცესკოს მტკიცებით, ლუკაშენკომ ხმების 86.28% მიიღო.

არჩევნების შედეგებს, რომელსაც დასავლურმა სამყაროს დიდმა ნაწილმა უკვე არალეგიტიმური უწოდა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების რამდენიმე ლიდერი გამოეხმაურა და ლუკაშენკოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

ლუკაშენკოს "გამარჯვებას" გამოხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი:

"გულითადად გილოცავთ ბელარუსის პრეზიდენტის პოსტს ხელახალ არჩევას. 

არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვება მოწმობს თქვენს მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტს და მოსახლეობის მხარდაჭერას სახელმწიფო კურსისადმი.

ბოლო დროს ჩვენ არაერთი რამ გავაკეთეთ მოსკოვსა და მინსკს შორის არსებული მეგობრობის გასაძლიერებლად. და რა თქმა უნდა მომავალშიც განვაგრძობთ რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი საქმის განვითარებას.

თქვენ ყოველთვის ძვირფასი სტუმარი ხართ რუსულ მიწაზე. როგორც შევთანხმდით, უახლოეს დროში გელოდებით მოსკოვში".

რუსეთიდან საპრეზიდენტო არჩევნებს ასევე გამოეხმაურა კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი:

"ლუკაშენკოს გამარჯვება დამაჯერებელზე მეტია, ხოლო არჩევნები აბსოლუტურად ლეგიტიმურია".

სატელეფონო ზარით ლუკაშენკოს გაპრეზიდენტება მიულოცა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.

"მათ ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე და საერთაშორისო თემატიკაზე აზრები გაცვალეს". – წერს ყაზახური მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ასევე ტელეფონით დაუკავშირდა ბელარუსის პრეზიდენტს.

"ილჰამ ალიევმა გამარჯვება მიულოცა ალექსანდრ ლუკაშენკოს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ალექსანდრ ლუკაშენკომ მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს ყურადღებისა და მილოცვისთვის.

სატელეფონო საუბრის მსვლელობისას ქვეყნის ლიდერებმა ორმხრივ თანამშრომლობაზე ილაპარაკეს, ასევე გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალში გაღრმავდეს მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები". – წერს აზერბაიჯანის სამთავრობო მედია.

ლუკაშენკოს გაპრეზიდენტება ასევე მიულოცეს მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, პრორუსმა პოლიტიკოსმა, იგორ დოდონმა, მოლდოვის მიერ ძებნილმა, გაქცეულმა ოლიგარქმა ილან შორმა და მოლდოვის შემადგენლობაში არსებული გაგაუზიის რესპუბლიკის სეპარატისტულად განწყობილმა ლიდერმა, ევგენია გუცულმა.

ალექსანდრ ლუკაშენკო დამოუკიდებელი ბელარუსის პირველი და ერთადერთი პრეზიდენტია. 1994 წლიდან დღემდე მან 7 საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვა. ცესკოს შედეგებით ლუკაშენკო მინიმუმ 2030 წლამდე დარჩება ქვეყნის სათავეში.

კომენტარები