გამოცემა Politico-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ უნგრეთი რუსეთზე ევროკავშირის სანქციების განახლების დაბლოკვასთან დაკავშირებულ მუქარებს უკან წაიღებს მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის მიმართ მუქარის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა საკითხზე ინფორმირებულ ხუთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღეებში უნგრეთი საჯაროდ განიხილავდა რუსეთზე ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვების განახლებაზე უარის თქმის შესაძლებლობას. სანქციების გაგრძელებისთვის ევროკავშირის ყველა 27 წევრისგან ყოველ ექვს თვეში თანხმობაა საჭირო.
"ცვლილებებისთვის დრო მოვიდა!". - გამოაცხადა უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა 21 იანვარს. იგი ამბობდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული ზომები ევროკავშირის ეკონომიკას აზიანებს. ბოლო პერიოდში ორბანი ასევე მოითხოვდა, რომ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთზე სანქციებთან დაკავშირებით ტრამპის მიდგომას დალოდებოდნენ, სანამ ბლოკი მომდევნო ნაბიჯებს გადადგამდა.
თუმცა, ამაზე პასუხი ორბანმა 22 იანვარს მიიღო, როდესაც ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე რუსეთის მიმართ მუქარის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა და ახალი სანქციებით დაიმუქრა, თუ რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაზე უარს იტყვის.
პოსტში ტრამპმა პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს ეს "უაზრო ომი" და დაამატა, რომ ომის დამთავრება "მარტივი გზით ან რთული გზით" არის შესაძლებელი.
Politico-ს ინფორმაციით, 23 იანვრისთვის ბრიუსელში უნგრეთისგან იგრძნობოდა, რომ ვეტოს დადებასთან დაკავშირებით მუქარის შეწყვეტისთვის მზად იყო. ორი დიპლომატის მიხედვით, უნგრეთის წარმომადგენელმა 23 იანვარს გამართულ შეხვედრებზე თქვა, რომ მისი ქვეყანა სანქციების განახლებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ იყო, რაც ორბანის მხრიდან წინააღმდეგობრივი საჯარო რიტორიკისგან გადახვევა იყო.
"ვფიქრობ, უნგრეთს ურჩევნია ჯერ აშშ-ში მათ გმირს გაესაუბროს". - თქვა ერთ-ერთმა საკითხზე ინფორმირებულმა დიპლომატმა და დაამატა, რომ "როგორც ჩანს, ის რუსეთზე სანქციებს საკმაოდ ემხრობა".