მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე 14 ადვოკატს, რომლებმაც სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში უჩივის.
მოსამართლის მიხედვით, ადვოკატებმა 8 პირი სხდომათა დარბაზში დაცვის გარეშე დატოვეს. საქმე ეხება საპროტესტო აქციების დროს რეჟიმის მიერ დაკავებულთა 11 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესს.
ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი მას შემდეგ დატოვეს, რაც მოსამართლე ხუსკივაძემ უარი თქვა პროცესის პატარა დარბაზიდან დიდში გადატანაზე, რის შედეგადაც ერთ-ერთი ბრალდებული ცუდად გახდა.
შემდეგ, დაკავებულების თქმით, მათ უთხრეს, რომ პროცესი გადაიდო და ციხეში დააბრუნეს. როგორც TV პირველისთვის გაგზავნილ წერილში დაკავებულები წერენ, მათთვის არც ის უთქვამთ, რომ სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს.
"ჩვენ ეთიკის კომისიისგან გადმოგვეცა მოთხოვნა, გავეცანით, მიგვაჩნია, რომ არ არის დასაბუთებული და აუცილებლად წერილობით პოზიციას წარვადგენთ ბატონი ხუსკივაძის პოზიციაზე, სადაც დეტალურად შევეხებით, როგორც ორგანული კანონის მოთხოვნებს, ასევე, მოსამართლის რა ვალდებულებები იყო და რა ნაწილში მიაჩნია მოსამართლეს, რომ არის დარღვეული დაცვის უფლება. [...] 19 წელია, რაც საადვოკატო საქმიანობას ვახორციელებ. მთელი 19-წლიანი პრაქტიკის მანძილზე, დავით ჭიკაიძეზე, ადვოკატზე, ასეთი ტიპის საჩივარი ეთიკის კომისიაში არ არის შეტანილი და არცერთ ჩემ კოლეგაზე, რომლებიც კონკრეტულად ამ საქმეში მონაწილეობენ" –– ამბობს ადვოკატი დავით ჭიკაიძე.





