მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მამუკა მდინარაძის "შეთავაზებას" ეხმაურება.
"მამუ, ძაან საყვარელი ხარ, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ" - ნათქვამია წერილში, რომელსაც ჭიჭინაძის ადვოკატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
20 იანვარს ივანიშვილის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ შეუძლია, ანდრო ჭიჭინაძეს "თავდებშიც კი" ჩაუდგეს, "თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა".
"კარგი მსახიობია ძალიან და ბევრს უყვარს როგორც მსახიობი, მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებსაც და ბევრი საერთო ახლობელი, მეგობარი აღმომაჩნდა. საქართველოა, თბილისია და მე ვთქვი, მე შემიძლია ამ ადამიანს თავდებშიც კი ჩავუდგე-მეთქი, თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას და თუ იტყვის, კი ბატონო.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩვენგანი, მარტო მამუკა მდინარაძე კი არ არის მაგარი ბიჭი, ვიღაცას თავდებში უდგება და მერე გამოხტებიან ვიღაცები, რად გვინდა შენი თავდებობაო. ნებისმიერი ჩვენგანი, ქართული ოცნების ნებისმიერი წარმომადგენელი მზად ვართ, ვუშუამდგომლოთ, თავდებში ჩავუდგეთ, თუ რა ფორმითაც გნებავთ" - თქვა მდინარაძემ.
ანდრო ჭიჭინაძე პროევროპულ აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 5 დეკემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. იანვარში სასამართლომ ჭიჭინაძის და კიდევ 10 დაკავებულის საქმე ერთ წარმოებად გააერთიანა და 11-ვე მათგანისთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
აღსანიშნავია, რომ მამუკა მდინარაძე ანდრო ჭიჭინაძის საქმეს აქამდეც გამოეხმაურა, მაშინ, როცა ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასმა განცხადება გააკეთა და ანდრო ჭიჭინაძის 20 იანვრამდე გათავისუფლება მოითხოვა. ივანიშვილის წარმომადგენელმა 13 იანვარს თქვა, რომ მსახიობები "ულტიმატუმით კოლეგას წირავენ".
"რომ გამოდიან [მსახიობები] და იძახიან, ულტიმატუმს ვუყენებთ ხელისუფლებას, ოცამდე თუ არ გაათავისუფლებთ, მერე ჩვენ ვიცითო. ახლა ამ ულტიმატუმით თავის კოლეგას წირავენ პატიმრობისთვის, იმიტომ, რომ არცერთი ხელისუფლება, არცერთი თავმოყვარე ხელისუფლება ასეთ ულტიმატუმზე ჰუმანურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ეს რომ მოიხსნება, მერე შეიძლება მხოლოდ ფიქრი ჰუმანურ გადაწყვეტილებაზე, აპრიორი ვიღაც რომ გამოდის და იძახის, თუ ასე არ... თითის ქნევით, მხოლოდ თვითონ წირავენ, ის კი არ აინტერესებთ, მათი ბედი, უფრო მუხტის აწევა აინტერესებთ.
რეალურად, გაითავისოს ოჯახმაც, მეგობარმაც თუ ახლობელმაც, ვინც გულწრფელად გულსემატკივრობს ვიღაცას, რომ ულტიმატუმს თუ აყენებ, შენ წირავ პატიმრობისთვის, ოღონდ აქეთ მუხტი აიწიოს და ასეთი რაღაცები უნდა გაითვალისწინოს ბევრმა, და ტრენინგებზე ნასწავლი რაღაც თეზებით ნუ გველაპარაკებიან" - ამბობდა მდინარაძე.