რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

Bloomberg: სტარმერი უკრაინას ეწვევა, რათა ომის შემდეგ სამშვიდობოების გაგზავნა განიხილოს

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, მომდევნო კვირებში გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი უკრაინაში გაემგზავრება, რათა ომის დამთავრების შემდეგ უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განლაგების შესაძლებლობა განიხილოს. ეს სტარმერის პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში მას შემდეგ, რაც მან პრემიერის თანამდებობა დაიკავა.

აღნიშნულ გეგმებზე განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, რამშტეინის ამერიკულ საჰაერო ბაზაზე ბაზაზე მოკავშირეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, როდის აპირებს სტარმერი ვიზიტს.

"ეს ინიციატივა ემანუელ მაკრონის წამოწყებულია. ბრიტანელები მას პოზიტიურად აღიქვამენ, მაგრამ დეტალურად პრემიერმინისტრს ჩვენს შეხვედრაზე დაველაპარაკები, ეს მოხდება". - განუცხადა ზელენსკიმ რეპორტიორებს და დაამატა, რომ სტარმერი "უკრაინას ესტუმრება, იგი უკრაინაში ვიზიტს გამართავს და ჩვენ დავილაპარაკებთ".

9 დეკემბერს Bloomberg-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პოლონეთის პრემიერმინისტრს, დონალდ ტუსკს უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად სამშვიდობო ძალების გაგზავნის განსახილველად უნდა შეხვედროდა.

ამავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინამ მაკრონის შეთავაზება „შეიძლება გაითვალისწინოს“, თუმცა მხოლოდ NATO-ში გაწევრიანების ნათელი თარიღის გაგების შემდეგ.

როგორც Wall Street Journal დაუსახელებელ წყაროზე დაყრდნობით წერს, აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაკრონთან და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად სამშვიდობო ძალების გაგზავნა ევროპულ ქვეყნებს მოუწევთ, აშშ-ს ჯარისკაცები კი პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ. 

12 დეკემბერს იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ქვეყანა მზად არის, უკრაინაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა მიიღოს, თუ ომის დასრულების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის კონტროლირებადი შეთანხმება მიიღწევა.

კომენტარები