რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბლინკენის თქმით, აშშ-მ უკრაინას შეიარაღება რუსეთის შეჭრამდე თვეებით ადრე გაუგზავნა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი
U.S. Embassy

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა New York Times-თან ინტერვიუში თქვა, რომ ამერიკამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე ფარულად დაიწყო.

"ჩვენ უზრუნველვყავით, რომ სანამ რუსული აგრესია მოხდებოდა, სექტემბრიდან დაწყებული და შემდეგ ასევე დეკემბერში, ჩვენ ჩუმად მივაწოდეთ უკრაინას უამრავი იარაღი, რათა უზრუნველგვეყო, რომ მათ ხელთ ჰქონოდათ ის, რაც თავის დაცვისთვის სჭირდებოდათ". - თქვა ბლინკენმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თქმით, აღნიშნული დახმარება "სტინგერებსა" და "ჯაველინებსაც" მოიცავდა და ის გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო რუსეთის მხრიდან კიევის აღების აღკვეთაში.

ინტერვიუში ბლინკენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს მხარდაჭერის შედეგი ის არის, რომ "უკრაინა ფეხზე დგას", ხოლო "პუტინი დამარცხდა".

"მე მჯერა, რომ [უკრაინას] არაჩვეულებრივი პოტენციალი აქვს, რომ არა მხოლოდ გადარჩეს, მაგრამ აყვავდეს კიდეც. და ეს არ არის დამოკიდებული იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც მომავალი ადმინისტრაცია და მრავალი ქვეყანა მიიღებს". - დაამატა მან.

ამასთანავე, სახელმწიფო მდივანმა კვლავ გაიმეორა, რომ ომის დამთავრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უკრაინელებმა უნდა მიიღონ, თუმცა დაამატა, რომ მისი აზრით, ის ხაზი, რომელიც რუკაზეა გავლებული ფუნდამენტურად ბევრად აღარ შეიცვლება.

შესაძლო სამომავლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან საუბრისას ბლინკენმა თქვა, რომ აუცილებელია, ნებისმიერი მსგავსი შეთანხმება გრძელვადიანი იყოს და უზრუნველყოს, რომ უკრაინას სამომავლოდ აგრესიის აღკვეთის უნარი აქვს.

"ეს შესაძლოა, სხვადასხვა ფორმით მოხდეს. შეიძლება, მიღწეული იყოს NATO-ს მეშვეობით, და უკრაინა NATO-ს წევრობის გზაზე დავაყენოთ. შესაძლოა, მოხდეს უსაფრთხოების გარანტიებით, ვალდებულებებით, გარანტიებით სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ რუსეთმა იცოდეს, რომ ხელახლა თავდასხმა შემთხვევაში, დიდი პრობლემები ექნება". - თქვა ბლინკენმა ინტერვიუში.

კომენტარები