ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ლავროვი: საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, დასავლეთის პაიკი იყოს

სერგეი ლავროვი
Photo: Handout/RUSSIAN FOREIGN MINISTRY/AFP

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ირწმუნება, რომ აშშ და ევროკავშირი საქართველოს დესტაბილიზაციისკენ უბიძგებენ, ქართულ ოცნებას კი არ სურს, რომ დასავლეთის ხელებში პაიკი იყოს.

ამის შესახებ მან რუსულ სამთავრობო მედიასთან, ТАСС-სთან ისაუბრა.

"აშშ და ევროკავშირი ცდილობენ თბილისი ცრუ დილემის წინაშე დააყენონ: ჩვენთან ან ჩვენს წინააღმდეგ. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სურს, რომ სუვერენული პოლიტიკის აწარმოოს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს პასუხობს და არ იყოს პაიკი დასავლელების ხელებში, რომლებიც საქართველოს დესტაბილიზაციისკენ, ეკონომიკური პრობლემებისაკენ და რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვისკენ უბიძგებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი ესმის და წინსვლას განაგრძობს". - თქვა ლავროვმა. 

ლავროვმა ე.წ. ფერადი რევოლუციების შესახებაც ისაუბრა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ დასავლეთი სახელმწიფოების შიდა საქმეებში ერევა და ეს მათი პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია. 

"სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევა, მათ შორის, ჩვენი უახლოესი მეზობლების შემთხვევაში, დიდი ხანია, მათი საგარეო პოლიტიკის არსენალში შედის". - თქვა ლავროვმა. 

ლავროვის მტკიცებით, არჩევნების შედეგები "ვაშინგტონსა და ბრიუსელში მეთოჯინეებს არ მოეწონათ". რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ირწმუნება, რომ "ისეთი შელახული რეპუტაციის მქონე სტრუქტურამაც კი, როგორიც" ეუთო/ოდირია, არჩევნები "თავისუფლად" ცნო. 

"ის, რაც ხდება საქართველოში - "ორმაგი სტანდარტების" გამოყენების შედეგია, როცა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ მოჩვენებითი მზრუნველობის საბაბით კეთდება ყველაფერი, რომ "გადათამაშდეს" არჩევნების შედეგები, სერტიფიცირებული, როგორც "თავისუფალი" ისეთი შელახული რეპუტაციის მქონე სტრუქტურების მიერაც კი, როგორიც ეუთო/ოდირია. რა საჭიროა "გადათამაშება"? მხოლოდ იმიტომ, რომ ერის არჩევანი ვაშინგტონსა და ბრიუსელში მეთოჯინეებს არ მოეწონათ". - თქვა ლავროვმა. 

ცნობისთვის, ეუთო/ოდირმა 2024 წლის საპარლამენტო არჩვენებზე ვრცელი დასკვნა წარადგინა, მათი განცხადებით, მას არ აქვს მანდატი, აღიაროს ან არ აღიაროს არჩევნები და წერს, რომ არჩევნების ხარისხი ამომრჩეველმა უნდა განსაჯოს.

პრესრელიზში წერია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეზღუდული იყო "ამომრჩეველთა ნაწილის უნარი, რომ ხმა სასჯელის შიშის გარეშე მიეცა". 

პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა ამომრჩევლების ზეწოლის, საარჩევნო პროცესში მონაწილე ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯებისა და "ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ბოლო დროს მიღებული კანონის გავლენის შესახებ სერიოზული შეშფოთებების" ფონზე. 

კომენტარები