ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მას არ აქვს მანდატი, აღიაროს ან არ აღიაროს არჩევნები და წერს, რომ არჩევნების ხარისხი ამომრჩეველმა უნდა განსაჯოს.
მოკლედ გთავაზობთ იმ შეფასებებს, რომლის მიხედვითაც თქვენ უნდა განსაჯოთ ჩატარებული არჩევნების ხარისხი.
პრესრელიზში წერია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეზღუდული იყო "ამომრჩეველთა ნაწილის უნარი, რომ ხმა სასჯელის შიშის გარეშე მიეცა".
პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა ამომრჩევლების ზეწოლის, საარჩევნო პროცესში მონაწილე ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯებისა და "ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ბოლო დროს მიღებული კანონის გავლენის შესახებ სერიოზული შეშფოთებების" ფონზე.
"არჩევნები ჩატარდა ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ბოლო დროს მიღებული კანონის გავლენის შესახებ სერიოზული შეშფოთებების, საარჩევნო პროცესში მონაწილე ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფონზე, რამაც, საარჩევნო დღის პრაქტიკებთან ერთად, დააზიანა ზოგი ამომრჩევლის უნარი, რომ ხმა სასჯელის შიშის გარეშე მიეცა". - წერია განცხადებაში.
ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონმდებლობაში ბოლოდროინდელი ცვლილებები უკან გადადგმულ ნაბიჯზე მიანიშნებს და იწვევს ეჭვს, რომ ეს კანონები შეიძლება მმართველმა პარტიამ პოლიტიკური სარგებლის მიზნით გამოიყენოს.
"მართალია, დამკვირვებლებმა შენიშნეს, რომ საკანონმდებლო ჩარჩო დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ადეკვატურ საფუძველს იძლევა, თუმცა ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლოდროინდელი ცვლილებები უკან გადადგმულ ნაბიჯზე მიანიშნებენ და პოლიტიკური სარგებლისთვის მათი გამოყენების შესახებ შეშფოთებებს იწვევენ, (რედ. - ანგარიში) ასევე ხელახლა იმეორებს ოდირის დიდი ხნის რეკომენდაციას, რომ ყოვლისმომცველი საკანონმდებლო გადახედვა ჩატარდეს". - წერია ანგარიშში.
ეუთო/ოდირის პრესრელიზში საუბარია ასევე არჩევნების დღეს ხმის ფარულობის დარღვევებზე და ზეწოლისა და დაშინების შესახებ ცნობებზე, რასაც საზოგადოებრივ ნდობაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა.
"არჩევნებისთვის მომზადება კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ არჩევნების დღეს ხმის ფარულობის ხშირი დარღვევები, რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობა და ცნობები ზეწოლისა და დაშინების შესახებ, მათ შორის, პროცესის გადაღების მეშვეობით, პროცესისა და სხვა მხრივ ზოგადად პროცედურულად წესრიგში მყოფ საარჩევნო დღის მიმართ საზოგადოებრივ ნდობაზე უარყოფითად იმოქმედა". - წერია პრესრელიზში.
ამასთან, ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის პრესრელიზში ნათქვამია, რომ საქართველოში მედია პოლარიზებულია და პოლიტიკურ საშუალებად გამოიყენება. დასკვნა ასევე ხაზს უსვამს, რომ კამპანიის ფინანსების ზედამხედველობა შეზღუდულია, მმართველი პარტიის მიერ მრავალ სვა უპირატესობასთან ერთად მოპოვებულმა ფინანსურმა უპირატესობამ კი არჩევნების მონაწილეებს შორის არათანაბარი სათამაშო ველი შექმნა.
"დღევანდელი ანგარიში ხელახლა აღნიშნავს პოლარიზებული და ინსტრუმენტალიზებული მედიისა და კამპანიების ფინანსების ზედამხედველობის შეზღუდულობის უარყოფით გავლენას, მართალია, მონაწილეებს ზოგადად შეეძლოთ კამპანიის თავისუფლად წარმოება და 18 პარტიული სიის კანდიდატები ზომიერ კამპანიაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. მმართველი პარტიის მიერ მოპოვებულმა მრავალმა უპირატესობამ, ფინანსურ რესურსებში მნიშვნელოვან დისბალანსთან ერთად, არათანაბარი სათამაშო ველის წარმოქმნაში წვლილი შეიტანა". - წერია ანგარიშში.
არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე ეუთო/ოდირის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ აქციების ძალისმიერმა ჩახშობამ, დაკავებებმა და სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე წვდომის შეზღუდვამ მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვისადმი საერთაშორისო ვალდებულების ერთგულებაზე "სერიოზული შეშფოებები გამოიწვია".
"არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასებაში, ოდირმა დაადგინა, რომ საქმეები სათანადოდ არ იყო განხილული, სამართლებრივი დაცვის საშუალებების შეზღუდვამ, აქციების ძალისმიერმა ჩახშობამ და მრავალრიცხოვანმა დაკავებებმა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისადმი საერთაშორისო ვალდებულებასთან შესაბამისობაზე სერიოზული შეშფოთებები გამოიწვია". - წერია პრესრელიზში.
დასკვნა ასევე საუბრობს წამებისა და სასტიკი მოპყრობის ცნობების შესახებ.
"არჩევნების შემდეგ, ასევე იყო მასობრივი აქციები, რომლებიც განმეორებით ძალადობრივად დაშალეს და რომლებსაც მრავალრიცხოვანი დაჭერები და აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ სისასტიკის ბრალდებები მოჰყვა, რაც საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევს, რომლებიც შეკრების თავისუფლების უფლებას უზრუნველყოფს, ასევე წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობისგან თავისუფლების უფლებას". - წერია ანგარიშში.
ეუთო/ოდირის ანგარიშში ნახსენებია, რომ არჩევნებთან დაკავშირებული სარჩელები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ სათანადოდ განხილული არ ყოფილა და ტექნიკური მიზეზების საფუძველზე იყო უარყოფილი, რაც საზოგადოებრივ ნდობას ამცირებს.
"დღევანდელი ანგარიში ხაზს უსვამს, რომ სარჩელები, როგორც არჩევნების დღემდე, ისე არჩევნების დღის შემდეგ, ხშირად არ იყო განხილული სრულყოფილად და ტექნიკურ ნიადაგზე იყო უარყოფილი, რამაც შეშფოთებების სათანადო განხილვის უფლებას ძირი გამოუთხარა. შესაბამისად, ოდირი იძლევა რეკომენდაციას, რომ ეფექტიანი სამართლებრივი ზომების გარანტირებისთვისა და საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებისთვის ნაბიჯები გადაიდგას". - წერია ანგარიშში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ოდირი მზად არის, დაინტერესებულ მხარეებს მხარი დაუჭიროს "მათ ძალისხმევაში, რომ საკითხები არჩევნების შემდგომი დიალოგით და კონკრეტული ქმედებებით მოგვარდეს".
"ოდირს არ აქვს მანდატი, აღიაროს ან მხარი დაუჭიროს არჩევნებს. ნაცვლად ამისა, ოდირი საარჩევნო პროცესის ყოვლისმომცველ და მიუკერძოებელ შეფასებას წარმოადგენს, რომელიც უნივერსალურ პრინციპებს, საერთაშორისო ვალდებულებებსა და ეუთოს ყველა სახელმწიფოს მხრიდან დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ვალდებულებას ეფუძნება. ეს ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს არჩევნების ხარისხის შესახებ თავიანთი დასკვნა გამოიტანონ. ადმინისტრაცია ასევე მზად არის, საარჩევნო დაინტერესებულ მხარეების ფართო დიაპაზონს მხარი დაუჭიროს მათ ძალისხმევაში, რომ საკითხები არჩევნების შემდგომი დიალოგით და კონკრეტული ქმედებებით მოგვარდეს". - წერია პრესრელიზში
განცხადების მიხედვით, საბოლოო ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები არჩევნების უკეთესად ჩატარების შესახებ, რათა არჩევნების მიმართ ნდობისა და ამომრჩევლების მიერ შიშის გარეშე ხმის მიცემის პრობლემები მოგვარდეს.
"დღევანდელ ანგარიშში წარმოდგენილია რიგი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები უკეთ. ამისთვის საჭიროა ცვლილებები როგორც კანონმდებლობაში, ისევე პრაქტიკაში, რათა მოგვარდეს დაბალი საზოგადოებრივი ნდობისა და ამომრჩეველთა მიერ შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობის პრობლემები, ამავდროულად, იმისთვის, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და მის მიმართ ნდობა ყველას სასიკეთოდ გაიზარდოს". - წერია პრესრელიზში





