27 დეკემბერს აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ბიძინა ივანიშვილს, 14024-ე აღმასრულებელი განკარგულების საფუძველზე, სანქციები დაუწესა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი სიაში შეყვანილი 14024-ე აღმასრულებელი განკარგულების 1(a)(ii)(C) პუნქტის საფუძველზე ხდება, რადგან იგი "პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა, ან, პირდაპირ ან ირიბად, იყო ჩართული ან სცადა ჩართულიყო ქმედებებსა თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, რომლებმაც ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს აშშ-ში ან საზღვარგარეთ, პირდაპირ ან ირიბად, რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელით, ან მის სასარგებლოდ".
აღნიშნული განკარგულების საფუძველზე ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება გულისხმობს, რომ დღეიდან აშშ-ში არსებული ივანიშვილის ყველა სახის პირადი ქონება ან წილები საკუთრებებში გაყინულია.
"ჩამოთვლილი პირების ყველა საკუთრება ან საკუთრებებში წილები, რომელიც აშშ-ს საზღვრებშია, რომელიც ამიერიდან აშშ-ში შევა, ან რომელიც არის ან ამიერიდან მოხვდება ნებისმიერი ამერიკელი პირის მფლობელობაში ან კონტროლქვეშ, დაბლოკილია და ვერ მოხდება მათი გადატანა, გადახდა, ექსპორტზე გატანა, გაუქმება {...]". - წერია განკარგულებაში, რომელსაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი 2021 წელს მოაწერა.
თუმცა, აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა განმარტა, რომ ივანიშვილის დასანქცირების შემდეგ OFAC-მა გენერალური ლიცენზია გამოსცა, რომლითაც ამერიკელ პირებს ნება დართო, ყველა სახის ტრანზაქციაში ჩაერთონ იმ ერთეულებთან, რომელთა 50%-ს ან მეტს ივანიშვილი ფლობს, თუკი მსგავსი ერთეულები დასანქცირებულთა სიაში ცალკე არ იმყოფება.
ამას გარდა, დასანქცირების რისკის გარეშე ტრანზაქციების ნებართვა ეძლევათ არაამერიკელ პირებსაც, თუმცა, ამერიკელი მოქალაქეებისთვის აკრძალული რჩება უშუალოდ ივანიშვილთან ტრანზაქციები.
ასევე აღსანიშნავია, რომ გენერალური ლიცენზიის მიუხედავად, ნებართვა კვლავ არ ვრცელდება გარკვეული სახის ტრანზაქციებზე, მათ შორის, ივანიშვილსა და Credit Suisse-ს შორის სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს საქმესთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე ან მასთან დაკავშირებულ სასამართლო საქმეებზე, როგორც ეს ლიცენზიის (b)(3) პარაგრაფშია გაწერილი.