აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორი, დენიელ ფრიდი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში შეერთებული შტატების მხრიდან ივანიშვილის დასანქცირების მნიშვნელობაზე საუბრობს.
როგორც ფრიდი განმარტავს, ის ფაქტი, რომ აშშ-მ ივანიშვილი რუსეთის აგენტობისთვის დაასანქცირა, ნიშნავს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის კრემლის სასარგებლოდ მოქმედების შესახებ.
"ძალიან საინტერესოა, რომ შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს სანქციები დაუწესა რუსეთის აგენტად მოქმედების, ან რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ქმედებისთვის. სანქციები დაწესდა კონკრეტული აღმასრულებელი ბრძანებით, რომელიც მიზანში იღებს რუს აგენტებს და იმ აგენტებს, ვინც რუსული ინტერესების დაწინაურებისთვის მოქმედებენ. ეს საკმაოდ საინტერესოა, რადგან ეს ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია ივანიშვილის კრემლისთვის მოქმედების შესახებ.
[...]
ასევე შეხედეთ სიტყვებს, რომელიც გამოყენებულია სანქციის ტექსტში. ამერიკას შეეძლო, ივანიშვილისთვის სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, "მაგნიტსკის გლობალური აქტით" დაეწესებინა. ამის ნაცვლად, მათ სანქციები რუსეთის სასარგებლოდ ქმედებისთვის დააწესეს. ეს ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულადაა განწყობილი, განსაკუთრებით კი 2008 წლის შემდეგ" - ამბობს ფრიდი.
ფრიდი ასევე განმარტავს რას ნიშნავს და რატომაა მნიშვნელოვანი რომ ივანიშვილს სანქციები ამერიკის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა დაუწესა:
"სრული ბლოკირების სანქციები ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. ის გულისხმობს, რომ გარდა იმ შემთხვევისა, თუ რაიმე გამონაკლისია დაწესებული, სანქციების სამიზნე პირთან ყველა ფინანსური ტრანზაქცია აკრძალულია, [რადგან დამრღვევებიც] თავად სანქციების საფრთხის ქვეშ დგებიან. ასევე აკრძალულია ყველა ფინანსური ურთიერთობა კომპანიებთან, რომელთა 50%, ან მეტი ამ პირს ეკუთვნის.
მაშინ, როდესაც ხაზინამ სრული ბლოკირების სანქცია დააწესა, მან ასევე გასცა ლიცენზია გარკვეული ეკონომიკური ტენდენციების, ქმედებების გაგრძელებაზე. ჩემი ინფორმაციით ეს მოხდა, რადგან ამერიკის მთავრობას არ სურდა ზიანი მიეყენებინა საქართველოს ეკონომიკის, ან ქართველ ხალხისთვის. ამიტომაც, არ წავიდნენ იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მართალია ივანიშვილის საკუთრებაა, მაგრამ მათ სანქცირებამ, შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ეკონომიკასა და ქართველ ხალხს. ასე რომ, მიუხედავად ამ ლიცენზიების გაცემისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს არ არის სავიზო შეზღუდვა, გაცილებით უფრო სერიოზული ნაბიჯია.
[...]
მას ახლა ბევრად უფრო გაუჭირდება ბიზნესის წარმართვა. ეს საკმაოდ დიდი საქმეა. რა თქმა უნდა, ამას [სანქციებს] დიდი გავლენა არ ექნება მის ბიზნესზე რუსეთში, მაგრამ ამას მაინც მნიშვნელოვან ნაბიჯად ვთვლი. ეს სანქციები ვერც საქართველოს დემოკრატიას გადაარჩენს, ეს საბოლოოდ, ქართველი ხალხის გასაკეთებელია. მაგრამ ახლა ცხადია, რომ შეერთებულმა შტატებმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ავტოკრატიული მიმართულების მხარდამჭერი წამყვანი ძალის წინააღმდეგ" - ამბობს დენ ფრიდი.
დენიელ ფრიდმა ასევე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით დასავლეთისთვის ის საქართველოს ლეგიტიმურ ლიდერად დარჩება.
"მას მიიღებენ, არა როგორც დე-ფაქტო პრეზიდენტს, არამედ, როგორც ლეგიტიმურ სიმბოლოს ქართული საზოგადოებისა და ლეგიტიმურ ლიდერს ქართული პოლიტიკისა. მას უზარმაზარი გამბედაობა და პრინციპები აქვს და მან პატივისცემა მოიპოვა მთელ დემოკრატიულ სამყაროში", - აღნიშნავს ფრიდი და ამატებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია.
რაც შეეხება ივანიშვილის წარმომადგენელ მიხეილ ყაველაშვილს, დენიელ ფრიდი ამბობს, რომ "იმაზე დაყრდნობით, რა ნაბიჯებიც მან, როგორც მოქმედმა პრეზიდენტმა გადადგა, ჩანს, რომ ის ქართული ოცნების პრეზიდენტია და არა საქართველოსი. ეს კი სულ სხვადასხვა რამაა".
2024 წლის 27 დეკემბერს, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილი 14024-ე აღმასრულებელი განკარგულებით დაასანქცირა. ეს განკარგულება აწესებს საგანგებო მდგომარეობას და სამართლებრივ საფუძველს უქმნის სანქციების დაწესებას იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის საზიანო საგარეო საქმიანობაში. ეს საქმიანობები მოიცავს დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრას, კიბერთავდასხმებს, არჩევნებში ჩარევას და სხვა დესტაბილიზაციურ მოქმედებებს უცხო ქვეყნებში.