ჟიზელ პელიკოს საქმე

ჟიზელ პელიკოს ყოფილ ქმარს, რომელიც მეუღლეს 10 წელი აუპატიურებდა, 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

71 წლის დომენიკ პელიკოს საფრანგეთის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დომენიკ პელიკო ყოფილ მეუღლეს, ჟიზელ პელიკოს 2011-2020 წლებში ნარკოტიკული საშუალებებით აძინებდა და შემდგომ აუპატიურებდა. მამაკაცი მეუღლეს ამ წლების განმავლობაში სხვა მამაკაცებსაც აუპატიურებინებდა. 

პატიმრობა მიესაჯა სხვა 50 მამაკაცსაც, რომლებიც ჟიზელ პელიკოს გაუპატიურებაში იღებდნენ მონაწილეობას. მათი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის 3-დან 20 წლამდე ვადებში მერყეობს. 

72 წლის ჟიზელ პელიკოს თქმით, მას არასდროს უნანია სასამართლო პროცესის დროს საკუთარი სახელის საჯაროდ გამჟღავნება. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში შეიძლებოდა წარმართულიყო, თუმცა ჟიზელ პელიკომ გადაწყვიტა, რომ საქმე გაესაჯაროებინა, რათა სხვა მსხვერპლებს თავი მარტოდ არ ეგრძნოთ. მისი იურისტთა გუნდის თქმით, ეს სირცხვილს ბრალდებულზე გადაიტანდა. 

სასამართლოს მიერ ჟიზელ პელიკოს ყოფილი მეუღლისა და სხვა ათეულობით მამაკაცისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ, ჟიზელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას "ამ სასამართლოს კარების გახსნა გასულ სექტემბერს [სურდა], რათა საზოგადოებას დაენახა, თუ რა ხდებოდა" და რომ ეს გადაწყვეტილება მას "არასდროს უნანია."

"მე ვფიქრობ ყველა სხვა ოჯახზე, მსხვერპლსა და ისტორიაზე, რომელიც ხშირად ჩრდილში რჩება. ჩვენ ერთი და იმავე ბრძოლა გვაქვს.

მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მადლიერება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ რთულ დროს მხარი დამიჭირა. თქვენმა აღიარებებმა და განცხადებებმა მომცა ძალა, რომ ყოველდღიურად დავბრუნებულიყავი სასამართლო პროცესის გრძელ დღეებზე.


ასევე მინდა მადლობა გადავუხადო მსხვერპლთა ასოციაციას, რომელიც უკან დახევის გარეშე დამეხმარა და ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც ამ საქმეს თავიდანვე მიჰყვებოდა და თვალს ადევნებდა". - განაცხადა ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ ჟიზელ პელიკომ.

დომენიკ პელიკოს თქმით, ცოლის ნარკოტიკით დაძინებისა და გაუპატიურების იდეა 2010 წელს გაუჩნდა, როდესაც ინტერნეტში კაცი ექთანი გაიცნო, რომელმაც ეს იდეა შესთავაზა და ინსტრუქციები მიაწოდა. სამართალდამცავების მოპოვებული მასალებიდან ირკვევა, რომ ქალი ჯამში 83-მა მამაკაცმა გააუპატიურა, თუმცა პოლიციამ მხოლოდ 50-ის ამოცნობა შეძლო.

71 წლის დომენიკ პელიკომ 17 სექტემბერს აღიარა, რომ თითქმის 10 წლის განმავლობაში, 2011-2020 წლებში თავის ცოლს, ჟიზელ პელიკოს ნარკოტიკებით აძინებდა, აუპატიურებდა და ათობით სხვა კაცსაც აუპატიურებინებდა. მისივე თქმით, სხვა 50-ივე ბრალდებულიც დამნაშავეა და იცოდნენ, რომ პელიკო სქესობრივ კონტაქტზე თანახმა არ ყოფილა. 

პელიკოს გახმაურებულ საქმეს საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები და გამოსვლები მოჰყვა. 23 ნოემბერს პარიზში და საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში ფემიციდისა და სექსუალური ძალადობის დანაშაულების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა - პროტესტის მონაწილეები ჟიზელ პელიკოს სოლიდარობას უცხადებდნენ.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები მოითხოვდნენ მთავრობისგან სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო ხარჯების გაზრდას.

კომენტარები