დომინიკ და ჟიზელ პელიკოების ქალიშვილმა, კაროლინ დარიანმა მამის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. შვილი დომინიკ პელიკოს ნარკოტიკული საშუალებებით დაძინებასა და გაუპატიურებაში სდებს ბრალს.
გასულ დეკემბერში სასამართლომ დომინიკ პელიკოს ყოფილი ცოლის, ჟიზელის თითქმის 10 წლის განმავლობაში ნარკოტიკებით დაძინების, გაუპატიურებისა და უგონო მდგომარეობაში მყოფი მეუღლის გაუპატიურებაში სხვა მამაკაცების ჩართვისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პელიკო ცოლის გაუპატიურებას ვიდეო და ფოტოკამერით იღებდა. სამართალდამცავმა უწყებამ დომინიკ პელიკოს მყარი დისკიდან გაუპატიურების ამსახველი ასობით ვიდეო ამოიღო.
ამოღებულ მასალებში, BBC-ის ცნობით, იყო პელიკოს ქალიშვილის, 46 წლის კაროლინ დარიანის 2 ფოტოსურათიც. დარიანის თქმით, ფოტოებში ის ცხადად უგონო მდგომარეობაშია, უცნობ პოზიციაში სძინავს და უცნობი საცვლები აცვია.
გამოცემის ცნობით, დომინიკ პელიკოს აქამდე უცდია, აეხნსა, თუ რატომ ჰქონდა ქალიშვილის ამგვარი ფოტოსურათები, თუმცა იგი შვილზე სექსუალურ ძალადობას უარყოფდა.
BBC-ის ცნობითვე, კაროლინ დარიანი დიდი ხანია, ამბობს, რომ ფოტოსურათები მტკიცებულებაა იმისა, რომ საკუთარი მამა ნარკოტიკული საშუალებებით მასაც აბრუებდა და აუპატიურებდა.
"ვიცი, რომ ის [ნარკოტიკებით] მაბრუებდა და, სავარაუდოდ, სექსუალურად ძალადობდა ჩემზე. თუმცა ამის მტკიცებულება არ მაქვს". - თქვა დარიანმა იანვარში BBC-სთან ინტერვიუში.
დარიანს ასევე უთქვამს, რომ ის სასამართლო პროცესის "დავიწყებულ მსხვერპლად" გრძონდა თავს, ვინაიდან, დედამისის საქმისგან განსხვავებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ დომინიკ პელიკო მასზეც ძალადობდა.
რამდენიმე დღის წინ დარიანმა ერთ-ერთ ფრანგულ ჟურნალთან ინტერვიუში თქვა, რომ საჩივარი, რომელიც მას სასამართლოში მამამისის წინააღმდეგ შეჰქონდა, "სიმბოლური იყო", თუმცა ესაბამებოდა იმას, რასაც თავიდანვე ამბობდა: "რომ მე ქიმიური ძალადობის მსხვერპლი [ნარკოტიკებით ძალადობა], თუმცა ასე არასდროს არ მცნობენ".
ცნობისთვის, 19 დეკემბერს 71 წლის დომინიკ პელიკოს საფრანგეთის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დომინიკ პელიკო ყოფილ მეუღლეს, ჟიზელ პელიკოს 2011-2020 წლებში ნარკოტიკული საშუალებებით აძინებდა და შემდგომ აუპატიურებდა. მამაკაცი მეუღლეს ამ წლების განმავლობაში სხვა მამაკაცებსაც აუპატიურებინებდა.
პატიმრობა მიესაჯა სხვა 50 მამაკაცსაც, რომლებიც ჟიზელ პელიკოს გაუპატიურებაში იღებდნენ მონაწილეობას. მათი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის 3-დან 20 წლამდე ვადებში მერყეობს.
72 წლის ჟიზელ პელიკოს თქმით, მას არასდროს უნანია სასამართლო პროცესის დროს საკუთარი სახელის საჯაროდ გამჟღავნება. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში შეიძლებოდა წარმართულიყო, თუმცა ჟიზელ პელიკომ გადაწყვიტა, რომ საქმე გაესაჯაროებინა, რათა სხვა მსხვერპლებს თავი მარტოდ არ ეგრძნოთ. მისი იურისტთა გუნდის თქმით, ეს სირცხვილს ბრალდებულზე გადაიტანდა.
სასამართლოს მიერ ჟიზელ პელიკოს ყოფილი მეუღლისა და სხვა ათეულობით მამაკაცისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ, ჟიზელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას "ამ სასამართლოს კარების გახსნა გასულ სექტემბერს [სურდა], რათა საზოგადოებას დაენახა, თუ რა ხდებოდა" და რომ ეს გადაწყვეტილება მას "არასდროს უნანია."
"მე ვფიქრობ ყველა სხვა ოჯახზე, მსხვერპლსა და ისტორიაზე, რომელიც ხშირად ჩრდილში რჩება. ჩვენ ერთი და იმავე ბრძოლა გვაქვს.
მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მადლიერება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ რთულ დროს მხარი დამიჭირა. თქვენმა აღიარებებმა და განცხადებებმა მომცა ძალა, რომ ყოველდღიურად დავბრუნებულიყავი სასამართლო პროცესის გრძელ დღეებზე.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო მსხვერპლთა ასოციაციას, რომელიც უკან დახევის გარეშე დამეხმარა და ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც ამ საქმეს თავიდანვე მიჰყვებოდა და თვალს ადევნებდა". - განაცხადა ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ ჟიზელ პელიკომ.
დომინიკ პელიკოს თქმით, ცოლის ნარკოტიკით დაძინებისა და გაუპატიურების იდეა 2010 წელს გაუჩნდა, როდესაც ინტერნეტში კაცი ექთანი გაიცნო, რომელმაც ეს იდეა შესთავაზა და ინსტრუქციები მიაწოდა. სამართალდამცავების მოპოვებული მასალებიდან ირკვევა, რომ ქალი ჯამში 83-მა მამაკაცმა გააუპატიურა, თუმცა პოლიციამ მხოლოდ 50-ის ამოცნობა შეძლო.
71 წლის დომინიკ პელიკომ 17 სექტემბერს აღიარა, რომ თითქმის 10 წლის განმავლობაში, 2011-2020 წლებში თავის ცოლს, ჟიზელ პელიკოს ნარკოტიკებით აძინებდა, აუპატიურებდა და ათობით სხვა კაცსაც აუპატიურებინებდა. მისივე თქმით, სხვა 50-ივე ბრალდებულიც დამნაშავეა და იცოდნენ, რომ პელიკო სქესობრივ კონტაქტზე თანახმა არ ყოფილა.
პელიკოს გახმაურებულ საქმეს საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები და გამოსვლები მოჰყვა. 23 ნოემბერს პარიზში და საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში ფემიციდისა და სექსუალური ძალადობის დანაშაულების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა - პროტესტის მონაწილეები ჟიზელ პელიკოს სოლიდარობას უცხადებდნენ.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები მოითხოვდნენ მთავრობისგან სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო ხარჯების გაზრდას.





