რუსეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (Роскомнадзор) რუსეთში საკომუნიკაციო აპლიკაცია Viber-ზე წვდომა შეზღუდა.
ამის შესახებ Роскомнадзор Telegram-ზე წერს.
"Viber-ის მომსახურებაზე წვდომა ინფორმაციის გავრცელების ორგანიზატორებისადმი რუსული კანონმდებლობის იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით შეიზღუდა, რომელთა შესრულებაც აუცილებელია, რათა ხელი შეეშალოს მესენჯერის ტერორისტული და ექსტრემისტული მიზნებისთვის, მათ შესასრულებლად მოქალაქეთა გადაბირებისთვისა და ნარკოტიკების გაყიდვისთვის გამოყენების საფრთხეს, (რედ. - წვდომა შეიზღუდა) ასევე სამართალდამრღვევი ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით". - წერია უწყების განცხადებაში.
საკვლევი კომპანიის, Mediascope-ის ნოემბრის მონაცემებით, რუსეთში Viber სხვა საკომუნიკაციო აპლიკაციებს შორის პოპულარობით მესამე ადგილს იკავებდა. კომპანიის ცნობით, ყოველთვიურად მას რუსეთის მოსახლეობით 26% იყენებს, ყოველდღიურად კი - საშუალოდ 14%.
მანამდე, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს რუსეთში Роскомнадзор-მა Signal-ი დაბლოკა.
ამასთან, რუსეთში YouTube-მა მუშაობა შეწყვიტა.





