რუსეთი

რუსეთში Signal-ის აპლიკაცია დაბლოკეს

REUTERS/Dado Ruvic/File Photo

რუსეთში დაცული კომუნიკაციისთვის განკუთვნილი აპლიკაცია, Signal-ი დაიბლოკა. ამის შესახებ განკარგულება რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსკომნადზორი) გასცა.

"საკომუნიკაციო აპლიკაცია Signal-ზე წვდომა რუსული კანონმდებლობის იმ მოთხოვნების დარღვევის გათვალისწინებით შეიზღუდა, რომელთა შესრულებაც აუცილებელია, რათა ტერორისტული და ექსტრემისტული მიზნებისთვის აპლიკაციის გამოყენებას შეუშალოს ხელი". - წერია როსკომნადზორის პრესრელიზში.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, 9 აგვისტოს დილიდან ინტერნეტ-მონიტორინგის სერვისებმა, Downradar-მა და Сбой.рф-მა აპლიკაციის მუშაობაში შეფერხების შემთხვევები აღრიცხეს. მომხმარებლები ამბობდნენ, რომ Signal-ი არ მუშაობდა. ამაზე ყურადღება პირველად მედია Важные истории-მ გაამახვილა.

გამოცემები წერენ, რომ აპლიკაციის გამოყენება შეზღუდვის მიუხედავად VPN-ით შეიძლება. ამასთან, აპლიკაცია მომხმარებელს ბლოკისთვის თავის არიდების საშუალებას აძლევს, რაც "ცენზურისთვის გვერდის ავლის" (Censorship Circumvention) რეჟიმის ჩართვით ხერხდება.

Signal-ი ერთ-ერთი ყველაზე დაცული აპლიკაციაა, რომელიც ყველა ტიპის კომუნიკაციისთვის, ტექსტური შეტყობინებებისა თუ ზარებისთვის, ორმხრივ დაშიფვრას იყენებს, რაც სპეცსამსახურებსა და სხვა მსურველებს მომხმარებელთა კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში ხელს უშლის. გარდა ამისა, Signal-ი თავის მომხმარებლებზე სხვა აპლიკაციებთან შედარებით ნაკლებ მონაცემებს აგროვებს და ინახავს.

მანამდე, რუსეთში YouTube-მა მუშაობა შეწყვიტა.

კომენტარები