აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 12 დეკემბერს გამოაცხადა, რომ აშშ უკრაინას დამატებით $500 მილიონის ღირებულების დახმარებას გადასცემს, რომელიც შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის პაკეტს მოიცავს.
"გაზრდილი უსაფრთხოების დახმარების ფარგლებში, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა 26 სექტემბერს გამოაცხადა, აშშ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს მყისიერად საჭირო შეიარაღებისა და აღჭურვილობის მორიგ მნიშვნელოვან პაკეტს აწვდის მაშინ, როცა ისინი რუსეთის მიმდინარე თავდასხმისგან საკუთარი თავის დაცვას განაგრძობენ". - წერია განცხადებაში.
აღნიშნული სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინას საპრეზიდენტო შემცირების უფლებამოსილების (PDA) მეშვეობით გადაეცემა, რაც ნიშნავს, რომ შეიარაღება აშშ-ს იარაღის მარაგებიდან გამოიყოფა და უკრაინას უფრო სწრაფად გადაეცემა, ვიდრე უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივით (USAI) გაწეული დახმარება.
დახმარების პაკეტი HIMARS-ის საბრძოლო მასალებს, 155-მმ და 105-მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, Javelin-ებს, უპილოტო საფრენ სისტემებსა და სხვა სახის შეიარაღებას მოიცავს.
დეკემბრის დასაწყისში აშშ-მ გამოაცხადა, რომ უკრაინას მორიგ სამხედრო დახმარების პაკეტს უგზავნიდა, რომლის ღირებულებაც $725 მილიონი იყო.
ბაიდენის ადმინისტრაცია ვადის ამოწურვამდე დარჩენილ დროში ცდილობს, უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება დაჩქარებული ტემპით გადასცეს. თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო დღემდე გააგრძელებს უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტების გამოყოფას.





