აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აშშ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ემზადება.
ბლინკენი განცხადებაში გმობს ქართული ოცნების მიერ კრიტიკის გაჩუმების, მოქალაქეებისთვის მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, რეპრესიული ტაქტიკების გამოყენების, რეჟიმის სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებს.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ პირებმა, რომლებიც საქართველოში დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს ძირს უთხრიან, პასუხი უნდა აგონ.
"აშშ 32 წელზე მეტია, რაც საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია. ჩვენი თანამშრომლობა ეყრდნობა თავისუფლებისა და დემოკრატიის საზიარო სიყვარულსა და სურვილს, ვიხილოთ საქართველო ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ საქართველოს მთავრობებთან და ქართველ ხალხთან ერთად გვიმუშავია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის, განათლების სისტემის გაუმჯობესებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორების გაფართოებისთვის. აშშ ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი ერთგულება მამაცი ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევია.
აშშ მტკიცედ გმობს პარტია ქართული ოცნების სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციური პირების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკები, მათ შორის, დაუსაბუთებელი დაკავებები და ფიზიკური ძალადობა, რომლის მიზანიც კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობაა. კერძოდ, ჩვენ შეშფოთებულები ვართ სერიოზული ცნობებით სამართალდამცავების მიერ ადამიანებისთვის მიყენებული [ფიზიკური] დაზიანებებით. ისინი ვინც, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ადამიანთა უფლებების გამოყენებისთვის დააკავეს, მყისიერად უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო მაღალჩინოსნებმა, რომლებიც ძალის უკანონო გამოყენებაზე არიან პასუხისმგებლები, პასუხი უნდა აგონ.
აშშ სოლიდარობით დგას ქართველი ხალხისა და მათის დემოკრატიული მისწრაფებების გვერდით. ისინი, ვინც საქართველოში დემოკრატიულ პროცესებსა თუ ინსტიტუტებს ძირს უთხრიან - მათ შორის, ისინი, ვინც ქართველი მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებას ზღუდავენ - პასუხს აგებენ. მანამდე გამოცხადებულ ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვასთან ერთად, აშშ ახლა ემზადება, გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციებიც". - წერია ბლინკენის განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ აშშ-ს ჰელსინკის კომისიამ განცხადება გაავრცელებქ, რომლითაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ივანიშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნებისა და იმ პირების დასანქცირებისკენ მოუწოდა, რომლებსაც პროტესტის მონაწილე მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ოპოზიციური პარტიების წევრების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა.
ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმის მიერ ევროინტეგრაციის პროცესის ოფიციალურად შეჩერების ფონზე, აშშ-მ 30 ნოემბერს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, აშშ-მ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქართული ოცნების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ნაბიჯები აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადად დებულებებს არღვევდა.
საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად შეაჩერა.
ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა.
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.
ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა.
ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა, დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა.
ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა.
შემდგომ, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა.
პოლიცია საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალას იყენებს. სპეცრაზმმა ძალადობრივად შლის დემონსტრანტებს. დაშავებულია არაერთი ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები. დააკავეს ასეულობით მომიტინგე.
საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა როგორც ხელისუფლებასა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისე მომიტინგეებს, "თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან. განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ნუ დავაზარალებთ ურთიერთს და შევძლოთ, ჩვენი პოზიცია გაცილებით ცივილური ფორმით გამოვხატოთ".
რუსთაველზე მრავალრიცხოვანი აქცია 28 ნოემბრიდან იმართება. დემონსტრაციები მიმდინარეობს ახლაც - თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პარალელურად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლების ნაწილი განცხადებით ემიჯნება ხელისუფლების გადაწყვეტილებას.
ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების და აქციების დარბევის ფონზე, აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და მიზეზად ქართული ოცნების არადემოკრატიული ნაბიჯები დაასახელა.