ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

საქართველოს დე ფაქტო მთავრობას სახდეპმა სანქციები უნდა დაუწესოს - ჰელსინკის კომისია

Jewel Samad/AFP/Getty Images

აშშ-ს ჰელსინკის კომისია განცხადებას ავრცელებს, რომლითაც აშშ-ს სახელწმიფო დეპარტამენტს ივანიშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნებისა და იმ პირების დასანქცირებისკენ მოუწოდებს, რომლებსაც პროტესტის მონაწილე მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ოპოზიციური პარტიების წევრების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა. 

განცხადებაში, რომელსაც ხელს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აწერს, მთავრობა მოხსენიებულია, როგორც დე ფაქტო. 

"საქართველოს დე ფაქტო მთავრობამ უარი თქვა დემოკრატიის ყველანაირ პრეტენზიაზე და ახლა დაიწყო უდანაშაულო აქტივისტებისა და ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების დაკავება მათ სახლებსა და სამუშაო ადგილებზე. შეცდომაში არ შეხვიდეთ; ქართული ოცნება იყენებს კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკებს".

აშშ-ს მთავრობამ საპასუხოდ დაუყოვნებლივ უნდა დასაჯოს ის პირები, რომლებიც უდანაშაულო ქართველების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასა და სისასტიკეში არიან ჩართულნი. თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, ქართული ოცნება საკუთარი ძალადობისა და სისასტიკის კამპანიას გააფართოებს იმ დონემდე, რაც ჩვენ ქვეყანაში ათწლეულებია, არ გვინახავს. 

"[აშშ-ს] სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს ინდივიდუალური სანქციების დაწესებით თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყველა სხვა მაღალჩინოსნის წინააღმდეგ, რომლებიც [აქციის] ამ დაშლაზე არიან პასუხისმგებლები. მოვუწოდებ ევროპელ მოკავშირეებს, რომ გააკეთონ იგივე". - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, გუშინ, 3 დეკემბერს ქართული ოცნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებასა და მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურნენ აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი, სენატორი როჯერ ვიკერი და სენატორი ჯონ კორნინიც.

სენატორებმა განცხადებაში ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა გაიმეორეს და ივანიშვილის რეჟიმის მიერ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი გზით ჩახშობის მცდელობები დაგმეს. 

ჯო უილსონი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს რამდენიმე დღის წინაც გამოეხმაურა. აშშ-ს ჰელსინკის კომისიის 30 ნოემბრის განცხადებაში, რომელსაც ხელს უილსონი და წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი სტივ კოენი აწერენ,  წერია, რომ საქართველოს ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა არალეგიტიმურია. ამასთან, კომისია გმობს მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ დაშლას და ამბობს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას. 

ჰელსინკის კომისიამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს იმ პირების დასჯისკენაც მოუწოდა, რომლებიც საქართველოში მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და არჩევანის თავისუფლებას ზღუდავენ, აშშ-ს ახლანდელ და მომავალ ადმინისტრაციებს კი მოუწოდა, რომ ქართველ ერს დემოკრატიისა და თავისუფლების აღდგენაში მხარი დაუჭიროს. 

უილსონმა, რომელიც აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვიდანაა, იმავე დღეს X-ზე დაწერა, რომ აშშ-მ ქართული ოცნება - "რუსეთის არალეგიტიმური მარიონეტები" უნდა დაასანქციროს. 

"რუსეთის არალეგიტიმური მარიონეტები უნდა დავასანქციროთ, რომლებიც ქართველ ხალხს ესხმიან თავს და მათი სუვერენიტეტს ართმევენ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილიც და მისი ლაქიები. მადლიერი ვარ, რომ ამას 2020 წლის რესპუბლიკური უსაფრთხოების საბჭოს ანგარიშში ვითხოვდი წარმომადგენელთა პალატის ამჟამინდელ სპიკერ მაიკ ჯონსონთან და მომავალ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, მაიკლ უოლცთან ერთად". - წერდა უილსონი. 


საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად შეაჩერა.

ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა. 

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე. 

ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა, დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა. 

ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა

შემდგომ, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა

პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა დემონსტრანტები. დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები. დააკავეს 43 მომიტინგე.

საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა როგორც ხელისუფლებასა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისე მომიტინგეებს, "თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან. განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ნუ დავაზარალებთ ურთიერთს და შევძლოთ, ჩვენი პოზიცია გაცილებით ცივილური ფორმით გამოვხატოთ".

რუსთაველზე მრავალრიცხოვანი აქცია 29 და 30 ნოემბერსაც გაიმართა. სპეცრაზმმა მომიტინგეები ისევ დაარბია. დემონსტრაციები მიმდინარეობს ახლაც - თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პარალელურად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლების ნაწილი განცხადებით ემიჯნება ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების და აქციების დარბევის ფონზე, აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და მიზეზად ქართული ოცნების არადემოკრატიული ნაბიჯები დაასახელა. 

კომენტარები