სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო მომავალ წელს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღესასწაულზე, რომელსაც რუსეთში 9 მაისს აღნიშნავენ, ვლადიმირ პუტინის მოწვევით ჩასვლას აპირებს.
რობერტ ფიცო სლოვაკეთის პირველი წარმომადგენელი იქნება, ვინც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რუსეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა.
ამასთან დაკავშირებით ფიცომ 27 ნოემბერს თავის სოციალურ ქსელში დაწერა და დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ის ოფიციალურად მიიწვია. ფიცოს თქმით, მან "დიდი სიამოვნებით" მიიღო მოწვევა.
სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა ასევე დაწერა, რომ მისი ქვეყნის მთავრობა "ფაშიზმთან ბრძოლის მემკვიდრეობას" და მეორე მსოფლიო ომში წითელი არმიის როლის შესახებ "ისტორიულ სიმართლეს" მხარს უჭერს.
"ბუნებრივია, რომ მე, როგორც სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, უაღრესად დაინტერესებული ვარ ფაშიზმზე გამარჯვების ოფიციალურ ზეიმებში მონაწილეობით, რომელიც გაიმართება 2025 წლის 9 მაისს მოსკოვში. ამიტომ, ამ მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ოფიციალურ მოწვევას სიამოვნებით დავთანხმდი". - წერს ფიცო.