ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ჯგუფის წევრებს, ვანო ნადირაძეს, ნოდარ პეტრიაშვილსა და გიორგი რუსიტაშვილს კი "შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მეომრის მონაწილეობის" მუხლით 14 წელი მიუსაჯეს.
"სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის აპრილიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით, მამულაშვილი უცხოური სახელმწიფოებიდან დაქირავებულ მეომრებს არეკრუტებდა, პრიორიტეტს კი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ სამხედროებს ანიჭებდა. ამის შემდეგ ის ასწავლიდა და იარაღს აძლევდა გადაბირებულ მოქალაქეებს და, ასევე, საომარ ქმედებებში მათ ჩართულობას უზრუნველყოფდა. აღნიშნული ქმედებებისთვის ბრალდებულმა 23 მილიონი რუბლის ეკვივალენტზე მეტი ღირებულების ანაზღაურება მიიღო. 2022 წლის აპრილში მამულაშვილმა ვიდეოჰოსტინგ YouTube-ზე არხს, Ходорковский-LIVE-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საჯაროდ გამოთქვამდა ანტირუსულ პოზიციებსა და შეხედულებებს და ასევე შეგნებულად ცრუ ინფორმაციას რუსული შეიარაღებული ძალების შესახებ. [...] ყველა მათგანი თავის სასჯელს მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში მოიხდის". - წერია რუსეთის გენპროკურატურის განცხადებაში.
მიმდინარე წლის ივნისიდან ქართული ლეგიონი რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.
2023 წლის ოქტომბერში უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა, ხოლო მიმდინარე წლის 24 თებერვალს სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.





