არჩევნები 2024

არ მჯერა, რომ იმ ხალხს, ვინც ოცნებას მხარს უჭერს, რუსეთი უნდა – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ვარშავა, 2024 წლის 1 ოქტომბერი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, არ სჯერა, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები რუსეთს უჭერენ მხარს. მან ასევე მიუთითა, რომ რუსეთის პოლიტიკური სისტემის ბიძინა ივანიშვილსაც ეშინია და "იცის კარგად, როგორ იშორებს" რუსეთი, "როცა აღარ სჭირდება ადამიანები".

ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 80% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, რომელთა ნაწილი, როგორც ოპოზიციის, ისევე ხელისუფლების მომხრეები არიან. მისივე თქმით, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ქართული ოცნება მოსახლეობას წინასაარჩევნოდ EU-ში გაწევრიანებაზე აქტიურად პირდებოდა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობის უმრავლესობის გეოპოლიტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ წასვლა ქართულ ოცნებას არ აწყობს იმის ფონზეც, რომ რუსეთი მას მხარს აქტიურად არ დაუჭერს. 

"ერთი რამე არ მჯერა. შეიძლება რაღაც ნაწილს, ერთ კაცს, ისიც არ ვიცი, მაგრამ მე მგონი, რომ იმას შეიძლება უნდოდეს ან ეუბნებოდნენ, რომ ასე უნდა იყოს, მაგრამ იმასაც ეშინია რუსეთის და იცის კარგად, რუსეთი როგორ იშორებს, როცა აღარ სჭირდება ადამიანები.

მე იმისი არ მჯერა, რომ იმ ხალხსაც, ვინც დღეს ოცნების მხარდამჭერები არიან სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, აღარ შევალ ამ სხვადასხვა მიზეზებში, უნდოდეთ რუსეთი. რატომ არ მჯერა? იმიტომ, რომ ოცნების მთელი კამპანია - ჯერ დაიწყეს ლანძღვა, აქაური ელჩების, მერე იქაური ხელმძღვანელების და ა.შ. მაგრამ ძალიან სწრაფად, საარჩევნო პერიოდში გადმოვიდნენ, რომ "ჩვენც შევიყვანთ (რედ. საქართველოს ევროკავშირში)".

რატომ დაამატეს ევროკავშირის დროშა თავიანთ პლაკატებზე? რატომ დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ჩვენც შევიყვანთ ევროკავშირში საქართველოს, [...] ტრამპი ჩვენი მეგობარი არის და მასთან დავალაგებთ და ა.შ.? ეს იმიტომ, რომ თავიანთივე მხარდამჭერებსა და მათი შვილებს, რაც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ყველას უნდა ევროკავშირი.

ის 80%, რომელიც ევროინტეგრაციას ამდენი წელია ყველა გამოკვლევაში უჭერს მხარს, მოგონილი კი არ არის. ეს 80% არის იქაც და აქაც, ოპოზიციაშიც და პოზიციაშიც, და ამ 80%-ის წინააღმდეგ წასვლა არის ძალიან დიდი რისკი ოცნებისთვის, რომელსაც არც ლეგიტიმურობა, არც დიდ მხარდაჭერა და არც იმათგან (რედ. - რუსეთისგან) დიდი მხარდაჭერა არ ექნება. სადაა რუსეთის მხარდაჭერა? რუსეთის წნეხი სად არის, ვხედავთ". - თქვა ზურაბიშვილმა. 

 

კომენტარები