უკრაინა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა THAAD-ის ანტიბალისტიკური სარაკეტო თავდაცვითი სისტემა ან Patriot-ის გაუმჯობესებული ვარიანტი მიიღოს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია Interfax-Ukraine ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შიგნით არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Interfax-Ukraine-სთან წყაროებმა განაცხადეს, რომ გენერალური შტაბის მიხედვით, რუსეთში ისეთი ახალი ექსპერიმენტული რაკეტების რაოდენობა, როგორიც რუსეთმა 21 ნოემბერს გამოიყენა, მცირეა, თუმცა, რუსეთი მათი მეშვეობით უკრაინელების დაშინებას ცდილობს.
გენერალური შტაბის თქმით, აღნიშნული რუსული რაკეტები "ბევრად აღემატება სტანდარტულ რაკეტებს ყველა კუთხით - სიმაღლის ნიშნულისა და სიჩქარის მხრივ".
ამიტომ, წყაროს თქმით, უკრაინა ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებს მართავს შესაბამისი თავდაცვითი სისტემების მისაღებად. Interfax-Ukraine-ის ინფორმაციით, რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან დასაცავად კი ორი სისტემა განიხილება: Patriot-ის გაუმჯობესებული ვარიანტი ან THAAD-ის სისტემები.
21 ნოემბრის დილას რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიშის დროს, სხვადასხვა ტიპის რაკეტებთან ერთად, კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ რაკეტა პირველად გამოიყენა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა იერიშის დროს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა РС-26 Рубеж, შვიდი Х-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა და Х-47М2 Кинжал-ის ტიპის აერობალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. მათივე ცნობით, საჰაერო იერიში ასტრახანის ოლქიდან განხორციელდა.
მოგვიანებით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ქალაქ დნეპრზე იერიში საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტით მიიტანეს, რაც აშშ-მაც დაადასტურა. პუტინის თქმით, რაკეტა Орешник რუსეთმა უკრაინის მხრიდან ამერიკული და ბრიტანული წარმოების იარაღის თავდასხმების საპასუხოდ გამოიყენა.
"რუსულმა მხარემ ამერიკელები Орешник-ის გაშვებაზე გააფრთხილა რუსეთის ბირთვული საფრთხის შემცირების ეროვნული ცენტრის ხაზით, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობს და აშშ-ს ანალოგიურ სისტემასთან მუდმივ წვდომას ინარჩუნებს". - თქვა პესკოვმა.
მანამდე, კრემლის პროპაგანდისტულ მედიასთან საუბრისას პესკოვი უარყოფდა, რომ აშშ-ს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას Орешник-ის გამოყენებაზე წინასწარ შეატყობინეს.
19 ნოემბერს უკრაინამ ამერიკული ATACMS-ის ტიპის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტი დაბომბა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინას რუსეთში შორი რადიუსის იარაღით იერიშების მიტანის ნება დართო.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთმა გაშვებული 8 რაკეტიდან მხოლოდ 2-ის ჩამოგდება შეძლო, ხოლო დარტყმა საბრძოლო მასალების მომმარაგებელ საკვანძო პუნქტზე იყო მიტანილი.
თავდაპირველად, გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.
მედიაში გავრცელებული ცნობები მალევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხებში, ბრაიენ ა. ნიკოლსმა, დიდი ოცეულის (G20) სამიტზე დაადასტურა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ნოემბერს მედიაში გავრცელებულ ცნობებს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "დარტყმების მიტანა სიტყვებით არ ხდება. ასეთ რაღაცებს წინასწარ არ აცხადებენ. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან".
ბაიდენის გადაწყვეტილების შემდეგ, 19 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განახლებულ ბირთვულ დოქტრინას მოაწერა ხელი, რომლითაც რუსეთმა საპასუხო ბირთვულ დარტყმაზე ზღვარი დაწია და რუსეთის მხრიდან პასუხის პოტენციური მიზეზების სიაში სტანდარტული სახის დარტყმებიც შეიტანა.
რას ნიშნავს უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა
მომდევნო დღეს, 20 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო სამიზნეებზე პირველად მიიტანა იერიში ბრიტანული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებით.





