დონეცკში, ქალაქ უგლედართან ახლოს რუსმა სამხედროებმა 5 შეუიარაღებელი უკრაინელი სამხედრო ტყვე მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის თანახმად, 2 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის არმიის პოზიციებზე ქალაქ უგლედართან ახლოს იერიში მიიტანეს. შედეგად, მათ 5 შეუიარაღებელი უკრაინელი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს, რომელთაგან 1 ქარსაფარი ტყის ზოლში მოკლეს, დანარჩენი 4 კი ქუჩაში ჩაცხრილეს.
"სამხედრო ტყვეების მკვლელობა ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა და კვალიფიცირდება, როგორც მძიმე საერთაშორისო დანაშაული.
მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო ქმედებები, რომლებიც მომხდარის ყველა გარემოების დადგენაზე არის მიმართული. სასამართლო საქმემდე გამოძიებას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინის უსაფრთხოების ძალების მთავარი სამმართველო აწარმოებს". - წერს პროკურატურა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფრონტზე გახშირდა რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ტყვეების დახვრეტის ფაქტები.





