დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

თეთრი სახლი: აშშ ICC-ს ნეთანიაჰუსა და გალანთის დაკავების ორდერს უარყოფს

REUTERS/Piroschka van de Wouw

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის თქმით, აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ღაზაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულების ბრალდებით, ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაკავების ორდერის გაცემის გადაწყვეტილებას უარყოფს.

"აშშ ფუნდამენტურად უარყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ პროკურატურის მიერ დაკავების ორდერის მოთხოვნით და პროცესის შემაშფოთებელი შეცდომებით, რამაც გამოიწვია ეს გადაწყვეტილება" - თქვა სპიკერმა. მისივე თქმით, აშშ მომდევნო ნაბიჯების თავის პარტნიორებთან ერთად განიხილავს.

21 ნოემბერს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ღაზაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულების ბრალდებით, ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაკავების ორდერი გასცა

"სასამართლოს კოლეგიამ მიიჩნია, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ორივე პირმა განზრახ და შეგნებულად წაართვა ღაზაში მცხოვრებ მშვიდობიან პირებს მათი გადარჩენისთვის აუცილებელი წყაროები, მათ შორის, საკვები, წყალი, მედიკამენტები და სამედიცინო მარაგები. ასევე, საწვავი და ელექტროენერგია". - წერს კოლეგია ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებაში.

კომენტარები