დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ტრამპის მომავალი მრჩეველი: ICC არ არის სანდო, მისი ბრალდებების უსაფუძვლობა აშშ-მ დაამტკიცა

AP Photo/Rod Lamkey

აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი და ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ღაზაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულების ბრალდებით, ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაკავების ორდერის გაცემას თავის X-ზე გამოეხმაურა.

მისი თქმით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) არ არის სანდო და მისი ბრალდებების უსაფუძვლობა აშშ-მ უკვე დაამტკიცა:

"ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) არ არის სანდო და მისი ბრალდებების უსაფუძვლობა აშშ-მ დაამტკიცა. ისრაელი კანონიერად იცავს თავის მოსახლეობას და საზღვრებს გენოციდის ჩამდენი ტერორისტებისგან. იანვარში უნდა მოელოდეთ მკაცრ პასუხს ICC-ის და UN-ის ამტისემიტური მიკერძოებულობის მიმართ" - წერს სოციალურ ქსელში უოლცი.

21 ნოემბერს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ღაზაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულების ბრალდებით, ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაკავების ორდერი გასცა

"სასამართლოს კოლეგიამ მიიჩნია, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ორივე პირმა განზრახ და შეგნებულად წაართვა ღაზაში მცხოვრებ მშვიდობიან პირებს მათი გადარჩენისთვის აუცილებელი წყაროები, მათ შორის, საკვები, წყალი, მედიკამენტები და სამედიცინო მარაგები. ასევე, საწვავი და ელექტროენერგია". - წერს კოლეგია ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ასევე, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით სასამართლომ ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერიც გამოსცა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დეიფი ივლისში საჰაერო დარტყმების შედეგად მოკლეს.

კომენტარები