ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 20 ნოემბერს კიევში თავისი საელჩო ერთი დღით დახურა. როგორც გამომცემლობა Європейська правда წერს, საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ურჩევს აშშ-ს მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან აშშ-მა მიიღო კონკრეტული ინფორმაცია, რომ 20 ნოემბერს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია მასშტაბური საჰაერო შეტევა უკრაინის მასშტაბით.
საელჩომ უკრაინაში მყოფ აშშ-ს მოქალაქეებს მოუწოდა, საჰაერო განგაშის გამოცხადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადავიდნენ თავშესაფრებში.
"აშშ-ს საელჩომ კიევში მიიღო კონკრეტული ინფორმაცია 20 ნოემბერს პოტენციური მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შესახებ. სიფრთხილის ნორმებიდან გამომდინარე საელჩო დაიხურება. საელჩოს თანამშრომლებმა მიიღეს თავშესაფარში დარჩენის ინსტრუქციები. აშშ-ს საელჩო ურჩევს აშშ-ს მოქალაქეებს საჰაერო თავდასხმის გაფრთხილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაინაცვლონ თავშესაფარში". - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით პირველი წარმატებული იერიში მიიტანა.
წყაროს ცნობით, უკრაინამ ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩევის სიახლოვეს სამხედრო ობიექტი დაბომბა. კარაჩევი უკრაინის საზღვრიდან 130 კილომეტრით არის დაშორებული.





