უკრაინული გამოცემა RBC Ukraine-ის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით პირველი წარმატებული იერიში მიიტანა.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა ქვეყნის თავდაცვის ძალებიდან საკითხში გარკვეულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, უკრაინამ ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩევის სიახლოვეს სამხედრო ობიექტი დაბომბა. კარაჩევი უკრაინის საზღვრიდან 130 კილომეტრით არის დაშორებული.
"მართლაც, პირველად ATACMS-ები იყო გამოყენებული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იერიშისთვის. დარტყმა მოხდა ბრიანსკის ოლქში ობიექტზე, იერიში წარმატებული იყო". - აღნიშნა წყარომ.
მანამდე უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩევში მდებარე იარაღის არსენალზე იერიში მიიტანეს.
"ბრიანსკის ოლქში იერიში მივიტანეთ რუსეთის ფედერაციის 67-ე არსენალზე. იქ იყო საარტილერიო ჭურვები, მათ შორის ჩრდილოეთკორეული სისტემები, საზენიტო რაკეტები და სხვა იარაღი". – წერს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ხელმძღვანელი ანდრეი კოვალენკო.
იერიშის ამსახველი კადრები რუსულ Telegram არხებზე გავრცელდა:
თავდაპირველად, გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.
მოგვიანებით, გამოცემა ამერიკულ Axios-ს საკითხში გარკვეულმა წყარომ დაუდასტურა, რომ ATACMS-ების გამოყენების უფლება მხოლოდ კურსკის ოლქზე ვრცელდება. წყაროს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უკრაინას დაახლოებით სამი დღის წინ აცნობეს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ნოემბერს მედიაში გავრცელებულ ცნობებს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "დარტყმების მიტანა სიტყვებით არ ხდება. ასეთ რაღაცებს წინასწარ არ აცხადებენ. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან".
რას ნიშნავს უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა





